Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ 1500 ლარით დააჯარიმა ნოდარ რუხაძე, გიორგი მჯავანაძეს შეუფარდა 3 დღით პატიმრობა


ნოდარ რუხაძე
ნოდარ რუხაძე

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია"-ს ცნობით, 9 ნოემბერს საპროტესტო აქსიის დროს დაკავებული აქტივისტების ნოდარ რუხაძის და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი დასრულდა. რუხაძე დააჯარიმეს 1500 ლარით, გიორგი მჟავანაძეს კი შეუფარდეს 3 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა.

ადვოკატ ივანე ჩიტაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ იზიარებს და მის გასაჩივრებას აპირებს.

„ეს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. ორი დღის განმავლობაში ვისმენდით მოწმეების ჩვენებებს, თუმცა პოლიციის წარმომადგენლებმა ვერ წარმოადგინეს ვერცერთი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ გიორგი მჟავანაძემ ან ნოდარ რუხაძემ ჩაიდინეს ის ქმედებები, რომელიც მათ წარდგენილი ჰქონდათ, ვგულისხმობ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას. წვრილმან ხულიგნობაში მოსამართლემ ორივე პიროვნება გაამართლა, მოსამართლემ ჩათვალა, რომ წვრილმანი ხულიგნობისგან განსხვავებით, პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა დასაბუთებული იყო", - თქვა ჩიტაშვილმა.

9 ნოემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების (რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს) საფუძველზე რუხაძისა და მჟავანაძის გარდა, დააკავეს „სირცხვილია"-ს კიდევ ერთი წევრი ლექსო მაჭავარიანი, რომელიც სასამართლომ 11 ნოემბერს 1000 ლარით დააჯარიმა.

9 ნოემბერს „სირცხვილია" არ დაემორჩილა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებულ ზომებს და დილის 05:00 საათამდე დარჩა პარლამენტის წინ, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე. სწორედ, ამიტომ მათ სჭირდებათ აქციაზე შეშის მიტანა და ცეცხლის დანთება. პოლიციელებმა კი აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინ შეშის მიტანის საშუალება არ მისცეს.

XS
SM
MD
LG