Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბჟანია პუტინს: „თქვენ ყოველთვის სასურველი სტუმარი ხართ აფხაზეთში“


ვლადიმირ პუტინი, ასლან ბჟანია
ვლადიმირ პუტინი, ასლან ბჟანია

დღეს, 12 ნოემბერს, სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას შეხვედრა გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ვლადიმირ პუტინმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტთან შეხვედრა არის შესაძლებლობა მშვიდ გარემოში განიხილონ სახელმწიფოთშორისი ურთიერთობების განვითარება.

ვლადიმირ პუტინმა შეხვედრაზე სინანულით აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემია უარყოფით ზეგავლენას ახდენს ეკონომიკაზე, თუმცა მისი თქმით, რუსეთი რჩება ოკუპირებული აფხაზეთის ნომერ პირველ ეკონომიკურ პარტნიორად, რადგან ეკონომიკური ბრუნვის 70 პროცენტზე მეტი აფხაზეთს რუსეთთან აქვს.

„ჩვენ გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები, აღარაფერს ვამბობ ტურიზმზე. ტურიზმის გარდა აღსანიშნავია სოფლის მეურნეობა, ტელეკომუნიკაციები. ყველაფერი ეს უნდა იყოს ჩვენი დღევანდელი განხილვის საგანი“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა შეხვედრაზე და გამოთქვა ასევე იმედი, რომ მნიშვნელოვანია ის დახმარება, რომელსაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსი სამედიცინო პერსონალი უწევს ოკუპირებულ აფხაზეთს.

ასლან ბჟანიამ თავის მხრივ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მსგავს ფორმატში შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან პირველად იმართება. მან პუტინს აფხაზი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის.

„მეგობრები უბედურებაში გამოიცდებიან: პანდემიის პირობებში ჩვენს ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ვიგრძენით. მადლობა მინდა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს იმ ჰოსპიტალისთვის, რომელიც ჩვენ გადმოგვცეს. დიდ დახმარებას გვიწევენ ასევე რუსი მედიკოსები. ისინი თვეების განმავლობაში მორიგეობით ჩამოდიან გუდაუთის საავადმყოფოში. ეს არის უდავოდ დაუფასებელი დახმარება შექმნილ პირობებში“, - განაცხადა შეხვედრაზე ასლან ბჟანიამ. მისი თქმით, დეფაქტო აფხაზეთის ხელმძღვანელობა აპირებს რუსეთთან დადებული ყველა ხელშეკრულების რეალიზებას, რადგან ისინი „სრულად შეესაბამებიან აფხაზეთის ინტერესებს“.

„ეს ყველაფერი ხელს უწყობს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებას“, - აღნიშნა ასლან ბჟანიამ. მან ვლადიმირ პუტინი აფხაზეთში მიიწვია:

„მინდა იცოდეთ, თქვენ ყოველთვის სასურველი სტუმარი ხართ აფხაზეთში, გიწვევთ სტუმრად“, - უთხრა ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სოჭში გამართულ შეხვედრაზე.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში ვიზიტით ოქტომბრის ბოლოდან იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მაშინ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში პუტინი ბჟანიასთან შეხვედრას არ გეგმავდა.

მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, დმიტრი კოზაკოვს შეხვდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 22 მარტს ჩატარდა. დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციამ ხმების 56,5%-ით გამარჯვებულად გამოაცხადა ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია. ე.წ. პრეზიდენტის ფიცი მან 23 აპრილს დადო.

ე.წ. პრეზიდენტად არჩევამდე და არჩევის შემდეგაც ბჟანიამ განაცხადა, რომ თბილისთან მოლაპარაკების ახალი ფორმატის მომხრეა. ამასთან, ასლან ბჟანია წინამორბედების მსგავსად ამბობს, რომ საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG