Accessibility links

აშშ-ის ელჩი ეუთოში მოითხოვს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულთა გათავისუფლებას


აშშ-ის ელჩი ეუთოში ჯეიმს გილმორი

ეუთოში აშშ-ის ელჩის, ჯეიმს გილმორის განცხადებით, პანდემიამ არ უნდა შეაჩეროს პოლიტიკური და სამხედრო გამოწვევების მოგვარება.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაციის შესახებ ამერიკელი დიპლომატის განცხადება მოჰყვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეების, ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლების, ტოივო კლაარის, რუდოლფ მიხალკას და ჯიჰან სულთანოღლუს ანგარიშს, რომელიც მათ 12 ნოემბერს წარუდგინეს ეუთოს მუდმივ საბჭოს.

ჯეიმს გილმორის განცხადებით, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალის შეჭრამ დაარღვია საერთაშორისო სამართალი და უგულებელყო ჰელსინკის დასკვნითი აქტით დაცული პრინციპები, მათ შორის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ძალის გამოუყენებლობის პრინციპები: „ეს არ შეიძლება განიხილებოდეს განცალკევებით და არის რუსეთის საგარეო პოლიტიკის ქმედებები და სიმბოლო. ეს გვახსენებს ყირიმში ჩადენილ უკანონო ქმედებებს“.

გილმორის თქმით, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მოუწოდებენ, ჩაატაროს მოლაპარაკებები იმ ნაბიჯებზე, რაც გადაჭრის კონფლიქტს, აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოაცილებს ამ საფრთხეს რეგიონულ უსაფრთხოებას, განსაკუთრებით დღევანდელ ურთულეს პერიოდში.

ამერიკელმა დიპლომატმა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს მიმართა, რომ მათი ამოცანა, გადაეჭრათ კონფლიქტი, არასდროს ყოფილა მარტივი და კიდევ უფრო გართულდა კორონავირუსის პანდემიის გამო: „ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ რუსეთმა და მისმა წარმომადგენლებმა პანდემია საბაბად გამოიყენეს, გადაედოთ ჟენევის კვარტალური საერთაშორისო მოლაპარაკებები. მე დღეს ყურადღებით მოვისმინე სამი წარმომადგენლის მოხსენება და დიდი აქცენტი კორონავირუსზე, მაგრამ არ შეიძლება, პანდემია გახდეს წინაღობა ან შეაჩეროს იმ პოლიტიკური და სამხედრო გამოწვევების მოგვარება, რომელსაც ეუთოს რეგიონში ვხედავთ“.

ჯეიმს გილმორის თანახმად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს მოუწოდებენ, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შემდეგ, 10-11 დეკემბერს დაგეგმილი მოლაპარაკებების 51-ე რაუნდს შეუერთდნენ: „რუსეთის ფედერაციის ქმედებები ამ საკითხში აღქმული უნდა იყოს როგორც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის, ქმედებებისა და მიზნების ერთიანი სურათის ნაწილი. ეს არ უნდა იყოს აღქმული როგორც ცალკეული შემთხვევა“.

ელჩის განცხადებით, შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით გაიყვანოს ძალები ომამდელ პოზიციებზე და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა:

„სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და იმ მოქალაქეთა მომავალი უკეთესი იქნება ნამდვილი ქვეყნის შემადგენლობაში, ის ქვეყანა კი საქართველოა. რუსეთის პროვოკაციული ქმედებები არის მცდელობა, გააფართოვოს გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები მშობლიური ქვეყნისგან, საქართველოსგან იზოლაციაში მოაქციოს. ამ აგრესიას კვლავაც აქვს პირდაპირი და უარყოფითი გავლენა ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მოვუწოდებთ რუსეთსა და დე ფაქტო ხელისუფლებებს გაათავისუფლონ დაკავებული სამოქალაქო პირები, მათ შორის ზაზა გახელაძე და აღადგინონ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გასწვრივ მიმოსვლა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასა და თვითნებურ დაკავებებზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ“.

ელჩმა გილმორმა ილაპარაკა საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის მნიშვნელობაზეც: „საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე სრული წვდომის მქონე ეუთოს მისია აუცილებელია დაძაბულობის შესამცირებლად შესაძლებლობების ხელშეწყობისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის“.

ჯეიმს გილმორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ზაზა გახელაძე, რომელიც აშშ-ის ელჩმა ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ახსენა, ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობაში იმყოფება 2020 წლის ზაფხულიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG