Accessibility links

ალეკო ელისაშვილი საბურთალოს ამომრჩეველს მადლობას უხდის დაბალი აქტივობის გამო


ალეკო ელისაშვილი

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საბურთალოს საარჩევნო ოლქის ამომრჩეველს მადლობას უხდის დაბალი აქტივობის გამო და არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ვხედავთ როგორ აქცია საბურთალომ ზურგი ამ სამარცხვინო არჩევნებს. ყველაზე დაბალი აქტივობა 12 საათის მონაცემებით იყო საბურთალოზე და ვფიქრობ, რომ ეს შენარჩუნდება კიდეც და ესეც არის დასტური იმის, რომ საბურთალოელი ამომრჩევლები არ მონაწილეობენ ამ გაყალბების მეორე ტურში. - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე.

საბურთალოს ნომერ მესამე საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით სერგეენკო დეპუტატის მანდატისათვის ბრძოლაში ალეკო ელისაშვილს უწევს მეტოქეობას.

არჩევნების პირველ ტურის ოფიციალური შედეგებით, დავით სერგეენკომ ამომრჩეველთა ხმების 43,23% აიღო, ხოლო ალეკო ელისაშვილმა-19,16 %.

ალეკო ელისაშვილს არჩევნების მეორე ტურისთვის, დანარჩენი ოპოზიციის დარად, ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და მოითხოვს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ცესკოს ახალი შემადგენლობის მიერ.

12 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობა იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, 8,29 %-ია. ამასთან, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთში, 21-ე მაჟორიტარულ ოლქში. აქ ამომრჩევლის აქტივობამ 11, 4 % შეადგინა. ყველაზე დაბალი აქტივობა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში გამოვლინდა და 6,2 %-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG