Accessibility links

logo-print logo-print

მირიან თაზიაშვილს ცხინვალში ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მცხოვრებს, 63 წლის მირიან თაზიაშვილს ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ცოლს, ცისანა თაზიაშვილს ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. მირიან თაზიაშვილი 20 ნოემბერს ზარდიანთკარის განაპირას, ოსურ სოფელ ხელჩუას სიახლოვეს დააკავეს და ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს, თუმცა ამ ბრალდებით აქამდე საქართველოს მოქალაქეებს 2-3 დღეში, ჯარიმის გადახდის შემდეგ, ათავისუფლებდნენ. თაზიაშვილის შემთხვევაში კი ასე არ მოხდა.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს დაკავებული მოქალაქეები გარკვეული პერიოდით ჯერ საკარანტინო სივრცეში გადაჰყავთ და ამის შემდეგ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ათავსებენ, სადაც სასამართლო სხდომის მოლოდინში კიდევ რამდენიმე დღეს ამყოფებენ. ცისანა თაზიაშვილს აცნობეს, რომ მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. „ჩემი მოთხოვნა ის არის, ხომ უნდა ვიცოდე, რატომ არის ამდენი ხანი იქ? ვიცი, რომ ყოფილა შემთხვევები, გადასულან ადამიანები, ჯარიმა გადაუხდიათ და 2-3 დღეში გამოუშვიათ და ჩემი ქმრის თავს ისეთი რა ხდება, რომ ამდენ ხანს გააჩერეს, რა დანაშაული აქვს ისეთი? ალბათ, გადაკვეთა „საზღვარი“ და წაიყვანეს, მაგრამ მაგას სხვა დანაშაული არაფერი არა აქვს. მოთხოვნა ის მაქვს, რომ სახელმწიფო დამეხმაროს და გაარკვიოს რატომ არის ამდენ ხანს დაჭერილი. გარდა ამისა, ძალიან გვიჭირს და ჩვენ ჯარიმის თანხასაც ვერ გადავიხდით“, - ამბობს ცისანა თაზიაშვილი.

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე ამ დღეებში ზარდიანთკარში ჩავა და ცისანა თაზიაშვილს ცხინვალში გამართული პროცესის შესახებ მოუყვება. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზე საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ჟენევის დისკუსია 10-11 დეკემბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG