Accessibility links

site logo site logo

თელავის თეატრთან კარავი დადგეს - ორი აქტივისტი არჩევნების შედეგებს აპროტესტებს


არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ პროტესტს თელავშიც უერთდებიან. გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერმა ორმა სამოქალაქო აქტივისტმა თეატრის წინ დადგა კარავი წარწერებით - "არჩევნების გაყალბება ისჯება კანონით", "საქართველო ოკუპირებულია რუსი ოლიგარქის მიერ".

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ ეთანხმებიან 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას და მოითხოვენ ვადამდელ არჩევნებს.

აქციის მონაწილე ორივე პირის თქმით, სამართალდამცველების მოთხოვნის მიუხედავად, საპროტესტო აქციას ისინი არც ღამით შეწყვეტენ და კომენდანტის საათის დროსაც კარავში დარჩებიან.

„გუშინ, როდესაც დავინახეთ, რომ თბილისში პროტესტის დროს დააკავეს ხალხი, ასე სპონტანურად ორმა ადამიანმა გადავწყვიტეთ კარვის გაშლა, თუმცა პოლიციამ გვითხრა, რომ ქალაქში დეზინფექცია ტარდებოდა და ტერიტორია უნდა დაგვეტოვებინა.

ჩვენ მათ ამ მიზეზით დავემორჩილეთ, მაგრამ, ეს აღმოჩნდა ტყუილი. დეზინფექცია არ ჩატარებულა და დღეს ისევ მოვედით და აქედან წასვლას არ ვაპირებთ. ამ ფორმით მოვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს და საქართველოს ბიძინა ივანიშვილისგან გათავისუფლებას. ველოდებით სხვა მოქალაქეების მხარდაჭერას”, - განაცხადა აქციის მონაწილემ, რამაზ აივაზაშვილმა.

ცოტა ხნის წინ თელავში მიმდინარე ორკაციან აქციას, „ლეიბორისტული პარტიის“ კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკა ვარდოშვილიც შეუერთდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG