Accessibility links

site logo site logo

სად და როგორ შეგიძლია გაიკეთო უფასო ტესტი COVID19-ზე?


სამ საათზე მეტხანს ელოდნენ კახა ჯანაშვილი და მისი ცოლი კორონავირუსზე ე.წ. სწრაფ, ანტიგენზე დამყარებული ტესტის რიგს დადიანის 20 ნომერში, მოზრდილთა მეორე პოლიკლინიკის ეზოში. რიგმა 15 საათსა და 15 წუთზე მოუწიათ. დაახლოებით ნახევარ საათში ტესტის პასუხებიც მოვიდა. კახას კორონავირუსი დაუდასტურდა. 8 დეკემბერს, პოლიკლინიკის ეზოში, კახასთან ერთად ე.წ. ცოცხალ რიგში რამდენიმე ათეული ადამიანი იდგა.

ტესტის მოლოდინში, კახამ სოციალურ ქსელში გრძელი რიგის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა: „აქ თუ არ გაქვს კოვიდი, 100% დაგემართება. ამ სიცივეში იმდენი ხალხია“, - მიაწერა კახამ ფოტოს.

მოზრდილთა მეორე პოლიკლინიკა, თბილისი.
მოზრდილთა მეორე პოლიკლინიკა, თბილისი.

დეკემბრის დასაწყისიდან, საქართველოს მასშტაბით, 200-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში, ბიუჯეტის თანხით, ანუ უფასოდ, ე.წ. სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული ტესტები ტარდება. ტესტის პასუხი 15-წუთიდან 30 წუთამდე პერიოდში მზადდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის მტკიცებით, ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი, რომელიც ნიმუშის ცხვირ-ხახიდან აღებას გულისხმობს, მაქსიმალურად არის მიახლოებული PCR ტესტის ხარისხთან, ანუ, ცდომილება მცირეა.

9 დეკემბერს, მოქალაქეებმა მთავრობის ადმინისტრაციისგან მიიღეს სატელეფონო გზავნილიც, სადაც მითითებულია, რომ „დაწესებული ორთვიანი შეზღუდვების გეგმის ფარგლებში, მიმდინარეობს მოსახლეობის ინტენსიური ტესტირება COVID19-ზე. სიცხისა და რესპირაციული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, სახელმწიფოს დაფინანსებით ტესტის ჩასატარებლად მიმართეთ კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებას“.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის 2 დეკემბრის ბრძანებით, 2021 წლის პირველ თებერვლამდე, ტესტირებისადმი საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სერვისის მიმწოდებლად განისაზღვრა გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულებები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები/სამსახურები და სხვა სამედიცინო დაწესებულებები.

სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმადვე, ამბულატორიულ ტესტირებას ექვემდებარებიან:

  • ოჯახის ექიმის ან ეპიდემიოლოგის მიერ რეფერირებული პაციენტები;
  • თვითდინებით მისული შესაბამისი სიმპტომების მქონე პაციენტები.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ყველა პირს, რომელსაც აღენიშნება რესპირაციული სიმპტომები, შეუძლია მივიდეს მითითებულ სამედიცინო დაწესებულებებში და ჩაიტაროს ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე მიზეზით, სამედიცინო დაწესებულება მათ მომსახურებაზე უარს იტყვის, ეს ინფორმაცია შეატყობინოს ცხელ ხაზს, ნომერზე 116001.

თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალში, რომელიც 200-ზე მეტ კლინიკას აერთიანებს, მხოლოდ 140 დაწესებულებაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ უფასო ტესტი. დანარჩენ კლინიკებში, უფასო ტესტირება ჩაუტარდებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებიც სხვადასხვა ჩივილით, იქნება ეს ქრონიკული დაავადებები თუ სხვა გადაუდებელი საჭიროება, სტაციონარში უნდა მოთავსდნენ.

ამიტომ, უმჯობესია, სანამ ტესტირებაზე წასვლას გადაწყვეტთ, კონკრეტულ კლინიკაში სატელეფონო ზარით ან ცხელ ხაზზე გადაამოწმოთ, მიიღებთ თუ არა სასურველ მომსახურებას ამა თუ იმ სამედიცინო დაწესებულებაში.

ტესტირების მსურველთა რიგი იდგა 9 დეკემბერს კლინიკების ქსელ „ევექსის“ ვაჟა-ფშაველას ფილიალთან. „ევექსის კლინიკებში“ ანტიგენზე დაფუძნებული უფასო ტესტების ჩატარება 4 დეკემბრიდან დაიწყო. „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი, თათია ხორბალაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველოს მასშტაბით, „ევექსის“ 30-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში, დღეში 2000-მდე უფასო ტესტი ტარდება:

„კვირის დღეებში 10 საათიდან 17 საათამდე ვმუშაობთ. შაბათს 10-დან 15 საათამდე. სხვადასხვა კლინიკაში სხვადასხვა ინტენსივობის მომართვიანობაა - ზოგან რიგებია, ზოგან, ცხადია, ნაკლები ხალხი მოდის. ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიცვათ კლინიკებში მოსული მოქალაქეების უსაფრთხოება. ტესტირების წერტილები კლინიკებს გარეთ, ღია სივრცეში, სპეციალურად გამართულ ჯიხურებში მოვაწყვეთ, რომ ინფიცირების ნაკლები საფრთხე იყოს. ჩვენთან წინასწარი ჩაწერა არ არის, ამიტომ მოქალაქეებს ე.წ. ცოცხალ რიგში უწევთ დგომა. გააჩნია კლინიკას, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ მაგალითად, რიგში ჩამდგარ მოქალაქეს იმავე დღეს არ მოუწიოს ტესტირება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ასე არ იყოს“.

"ევექსი", ვაჟა-ფშაველას ფილიალი
"ევექსი", ვაჟა-ფშაველას ფილიალი

უკვე ორი დღეა ანტიგენზე დაფუძნებულ უფასო ტესტებს ატარებს კლინიკა „ნიუმედი“. როგორც კლინიკის დირექტორი, ნათია ბულაცაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ისინი დღეში მაქსიმუმ 50 ტესტს ატარებენ. მათთან მომსახურების მიღება კი მხოლოდ წინასწარი ჩაწერით არის შესაძლებელი:

„ჩვენთან პაციენტის გადმომისამართება ხდება ოჯახის ექიმის მიერ. იქიდან გამომდინარე, რომ ინფიცირების დიდი რისკია, ჩვენ გამოვრიცხეთ ე.წ. ცოცხალი რიგის სისტემა, ამიტომ მსურველები წინასწარ უნდა ჩაეწერონ. დღევანდელი მონაცემებით, დღეში მაქსიმუმ 50 პაციენტს ვემსახურებით. ვნახოთ, თუ მოთხოვნა გაიზრდება, ალბათ ჩვენც გავზრდით ტესტირების რაოდენობას. კლინიკას ამჟამად მთელი კვირის მარაგი აქვს მიღებული. კვირის ბოლოს მომდევნო დღეების მარაგს შევავსებთ. ჩემი ინფორმაციით, ჯერჯერობით, ქვეყანაში ტესტების მარაგები არის“.

ანტიგენზე დაფუძნებული ტესტები შეგიძლიათ გაიკეთოთ კლინიკა „ინოვაშიც“. კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნატო კალმახელიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ეტაპზე, ტესტირების მსურველთა რიცხვი არ არის დიდი:

„ჯერჯერობით, ჩვენთან რიგები არ დგას. შესაძლოა, ინფორმაცია არ აქვთ და ამიტომ. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ გაზრდილი მომართვიანობის შემთხვევაში, სიტუაცია დავარეგულიროთ. ჩვენს კლინიკაში არ ვიღებთ კოვიდ-პაციენტებს, ჩვენთან ძირითადად გეგმიური ოპერაციები ტარდება. ამიტომ კლინიკის გადაწყვეტილებით, ტესტირების მსურველებს ვიღებთ საღამოს 5 საათიდან, წინასწარი ჩაწერით, რადგან მაქსიმალურად დავიცვათ უსაფრთხოების ზომები“.

ტესტირების მსურველთა რიგი არ იდგა არც სამედიცინო ქსელ „მედისონის“ ვაჟა-ფშაველას ფილიალთან, სადაც შეგიძლიათ ჩაიტაროთ ანტიგენზე დაფუძნებული ტესტები.

არ აქტიურობდნენ მოქალაქეები არც ლაგოდეხში, „არქიმედეს კლინიკასთან“. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, კლინიკას ანტიგენის ტესტის ჩასატარებლად მხოლოდ რამდენიმე პაციენტმა მიაკითხა.

"არქიმედეს კლინიკა", ლაგოდეხი
"არქიმედეს კლინიკა", ლაგოდეხი

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 20 959 ტესტი ჩატარდა. აქედან 13 166 ანტიგენზე დაფუძნებული, ხოლო 7 793 PCR ტესტი. ეს არის საქართველოში ჩატარებული ტესტირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო.

ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში, ინფიცირების 4734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG