Accessibility links

site logo site logo

სომხეთში 19 დეკემბრიდან სამდღიანი გლოვა გამოცხადდება


ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განკარგულებით, 19 დეკემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სამდღიანი გლოვა გამოცხადდება.

რადიო თავისუფლების სომხური რედაქციის თანახმად, 19 დეკემბერს სრულდება 40 დღე მთიანი ყარაბაღის გარშემო დაწყებული საბრძოლო მოქმედებებიდან, რასაც სომხეთის მხრიდან სულ მცირე 2996 ადამიანი ემსხვერპლა. მათი უმრავლესობა, 2783 - ჯარისკაცია.

ასამდე კაცი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

სამდღიანი გლოვის ფარგლებში გაიმართება მსვლელობა ერევნის რესპუბლიკის მოედნიდან „ერაბლურის“ სამხედრო პანთეონამდე. იგეგმება სხვა ღონისძიებაც.

ფაშინიანის განცხადებით, მოსალოდნელია აზერბაიჯანთან პატიმრების გაცვლის პროცესი. საუბარია მათზე, რომელთა ვინაობაც დაადგინა საერთაშორისო წითელმა ჯვარმა და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ.

ამ ფონზე, სომხეთის ოპოზიციური ძალები კვლავ ითხოვენ ნიკოლ ფაშინიანის თანამდებობიდან გადადგომასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

სომხეთი პოლიტიკურ კრიზისში ჩაიძირა მას მერე, რაც, სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანთან მიმდინარე 44-დღიანი საომარი მოქმედების შედეგად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი დათანხმდა 10 ნოემბერს მოსკოვის შუამავლობით შემუშავებულ საზავო პირობებზე, რომელსაც სომხეთის ოპოზიცია „კაპიტულანტურად“ მიიჩნევს.

პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და შესაძლო დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს სამშაბათს გადადგომისკენ მოუწოდა ყოველთა სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ მეორემ.


სომხეთის ოპოზიციამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვაზგენ მანუკიანი, დაასახელა „გარდამავალი, ანტიკრიზისული მთავრობის“ ხელმძღვანელად ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე.

ნიკოლ ფაშინიანმა მანამდე განაცხადა, რომ არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG