Accessibility links

logo-print logo-print

USAID-ი განცხადებას ავრცელებს „სამართლიანი არჩევნების" შესახებ


აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების" (ISFED) მიერ ხმების დათვლის პარალელურ სისტემაში ხარვეზის აღმოჩენასა და მონაცემების კორექტირებას.

„USAID-ი აფასებს ხანგრძლივ, მჭიდრო თანამშრომლობას დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანიზაციასთან „სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED). ჩვენი თანამშრომლობით მხარს ვუჭერთ დემოკრატიის განვითარებას საქართველოში.

მივესალმებით ISFED-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგები და საზოგადოებას გააცნო შიდა აუდიტის დასკვნა. ISFED პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის პასუხისმგებელია გამჭირვალე ინფორმაციის უზრუნველყოფაზე, საკუთარ მონაცემთა ხარისხის კონტროლსა და შედეგების სიზუსტეზე PVT-ის ჩატარების საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრატიკის შესაბამისად.

მხარს ვუჭერთ არჩევნების მონიტორინგში ჩართული ყველა ორგანიზაციის გამჭვირვალე მუშაობას და ვაფასებთ ISFED-ის მიერ არჩევნების შემდგომ რთულ გარემოში განხორციელებულ საქმიანობას", - ნათქვამია USAID-ის განცხადებაში.

11 დეკემბერის საღამოს „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ორგანიზაციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმის დათვლის პარალელურ სისტემაში ხარვეზი იპოვეს, რამაც შეცვალა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები.

ცვლილების შედეგად, „ქართულ ოცნებას” 1,8%-ით გაეზარდა შედეგები და დაუახლოვდა ცესკოს მონაცემებს.

იმავე საღამოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ოპოზიციას, რომელსაც მოლაპარაკებებში მთავარი არგუმენტი გამოეცალა არჩევნების გაყალბების შესახებ, ბოდიში უნდა მოეხადა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო მოლაპარაკებები ელჩების ჩართულობით. პროცესს წინ უძღოდა „ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებები იმის თაობაზე, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ხმის დათვლის შედეგები პრობლემატური იყო, და „ფორმულის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც არასამთავრობო ორგანიზაციაზე ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებდა.

მოგვიანებით, „სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ „მთავარი არხის" ეთერში თქვა: „ჩვენ როდესაც დავადგინეთ უკვე და საბოლოო ინფორმაცია გვქონდა ამის შესახებ, ვაცნობეთ ჩვენს დონორ ორგანიზაციას, USAID-ი არის დონორი ორგანიზაცია. ეს იყო სადღაც ნოემბრის ბოლოს, მე გამოვრიცხავ ინფორმაციის გაჟონვას USAID-დან".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG