Accessibility links

logo-print logo-print

"ნაციონალური მოძრაობა" გრიგოლ ვაშაძეს აკრიტიკებს: ვერ გავიზიარებთ პათოსს და შინაარსს


"ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს, რომელმაც პარტია ფეისბუკპოსტით დატოვა, აკრიტიკებს. მედიასთან პარტიის სახელით ნუგზარ წიკლაურმა ისაუბრა.

"ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება და მისი წასვლა და ამ განცხადების ფორმა და შინაარსი იყო ჩვენთვის მოულოდნელიც, აუხსნელი და ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ პათოსს და შინაარსს იმ განცხადების, რომელიც ჩვენთან შეუთანხმებლად გამოაქვეყნა ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ", - თქვა ნუგზარ წიკლაურმა.

მისივე თქმით, პარტიიდან ადამიანების წასვლა და ახლების მისვლა ცვლილებების პროცესია:

"იმ წასულ ადამიანებს ცვლიდნენ ადამიანები, რომლებიც უერთდებოდნენ ამ მოძრაობას, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში დიქტატორის შეცვლა".

დღეს დილით გრიგოლ ვაშაძემ "ფეისბუკით" აცნობა საზოგადოებას, რომ ის ტოვებდა "ნაციონალურ მოძრაობას":

"უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. 2017 წლის იანვრიდან, ოთხი წლის განმავლობაში, ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს მოკრძალებულ ძალებში იყო, იმისათვის, რომ პარტია გაზრდილიყო, გაეძლიერებინა საკუთარი პოზიციები, დარჩენილიყო მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებად და შედეგად მიეღო საქართველოს მოქალაქისგან მანდატი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად".

ვაშაძის თანახმად, პარტიამ ბევრს მიაღწია, მაგრამ არის ფაქტები, რომლებსაც კატეგორიულად ვერ შეეგუება:

"არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე.წ. ქართულ ოცნებას აძლევს ხელს. ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას.

შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან.

იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგიათ, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს, და რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე სდგას.

ბოდიშს ვუხდი ჩვენ მეგობრებს!

პრობლემების ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, რადგან კერძო საუბრებში მათზე თავად პარტიის წევრები საუბრობენ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG