Accessibility links

site logo site logo

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ არ აპირებს გადადგომას


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოპონენტების ულტიმატუმის პასუხად აცხადებს, რომ არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას, მაგრამ მზად არის, უარი თქვას ამჟამინდელ სტატუსზე, „ხალხის მიერ გამოხატული ნების საიმედო შედეგებზე დაყრდნობით“.


რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, სომხეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე საუბრის დროს ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ამ პროცესების ინიციატორები მიზნად ისახავენ საკითხების დახურულ კაბინეტებში გადაწყვეტას ხალხის ნების გაუთვალისწინებლად.

„მსურს კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პროცესი მიზნად ისახავს ხალხის, ადამიანების, მთლიანად სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გარიყვას პროცესებიდან და საკითხების ელიტის მიერ, დახურულ ოთახებში გადაწყვეტას“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

8 დეკემბერს სომხეთის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც ამოიწურა ფაშინიანისათვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა.


10 ნოებრის შემდეგ სომხეთის დედაქალაქში თითქმის ყოველდღიურად იმართება ოპოზიციის სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციები ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.


სომხეთი პოლიტიკურ კრიზისში ჩაიძირა მას მერე, რაც, სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანთან მიმდინარე 44-დღიანი საომარი მოქმედების შედეგად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი დათანხმდა 10 ნოემბერს მოსკოვის შუამავლობით შემუშავებულ საზავო პირობებზე, რომელსაც სომხეთის ოპოზიცია „კაპიტულანტურად“ მიიჩნევს.

პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და შესაძლო დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს დასაწყისში გადადგომისკენ მოუწოდა ყოველთა სომეხთა კათალიკოსმა, გარეგინ მეორემ.


სომხეთის ოპოზიციამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვაზგენ მანუკიანი, დაასახელა „გარდამავალი, ანტიკრიზისული მთავრობის“ ხელმძღვანელად ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე.

ნიკოლ ფაშინიანმა 15 დეკემბერს განაცხადა, რომ დეზინფორმაციის დიდი ნაკადი სომხეთში საზღვარგარეთიდან ვრცელდება. მას არ დაუსახელებია კონკრეტული ქვეყანა, მაგრამ აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული იყო რომელიმე უცხოური სპეცსამსახურიო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG