Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე: 10-14 დღეში კოვიდის გავრცელებამ კლება უნდა დაიწყოს


შეჩერდა თუ არა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ყოველდღიური მაჩვენებელი? როდის ელოდებიან ეპიდემიოლოგები ვირუსის გავრცელების ყოველდღიური მაჩვენებლის კლებას? მოიხსნება თუ არა 24 დეკემბერს ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები? რადიო თავისუფლების ამ კითხვებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე პასუხობს.

რადიო თავისუფლება: ორ კვირაზე მეტი გავიდა, რაც ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის მთელი რიგი შეზღუდვები დაწესდა. გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაიხურა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები, რესტორნები, შეზღუდულია ღამით გადაადგილება. ეპიდემიოლოგები აცხადებდნენ, რომ შეზღუდვების ეფექტს ქვეყანა ორი კვირის შემდეგ იგრძნობდა. შეცვალა თუ არა დაწესებულმა შეზღუდვებმა დაავადების გავრცელების მასშტაბი?

ეს პერიოდი 10-14 დღეში უნდა დადგეს, როდესაც ვიგრძნობთ სიტუაციის გაუმჯობესებას და რაც აისახება ყოველდღიური შემთხვევების მნიშვნელოვან კლებაზე.
პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე: ქვეყანა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, საკმაოდ რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა. სხვა გამოსავალი, გარდა შეზღუდვების გაფართოებისა და გამკაცრებისა, არ იყო. ჩვენ უნდა შეგვეწყვიტა დაავადების გავრცელების სწრაფი ზრდა და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეზღუდვებმა თავის მიზანს მიაღწია - ბოლო დღეების ყოველდღიური მონაცემები აჩვენებს, რომ დაავადების გავრცელების მატება აღარ გვაქვს. შეზღუდვების დაწესებიდან 2 კვირის თავზე, ის შედეგი მივიღეთ, რასაც ველოდით, აღარ ხდება ყოველდღიური შემთხვევების ზრდა, რაც ძალიან კარგია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა დაძლეულია. ეს კვირა უნდა დავაკვირდეთ, რამდენად სტაბილურად შენარჩუნდება ვირუსის გავრცელების შეჩერების პროცესი.

რადიო თავისუფლება: ვირუსის შეჩერებიდან რამდენ ხანში ელოდებიან ეპიდემიოლოგები ყოველდღიური შემთხვევების კლებას? როდესაც შეძლებთ თქმას, რომ პიკი გადავლილია და ყოველდღიური მაჩვენებლის კლება თვალსაჩინოა?

პაატა იმნაძე: ეს პერიოდი 10-14 დღეში უნდა დადგეს, როდესაც ვიგრძნობთ სიტუაციის გაუმჯობესებას და რაც აისახება ყოველდღიური შემთხვევების მნიშვნელოვან კლებაზე.

მე, როგორც ეპიდემიოლოგი ვთვლიდე, რომ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გადაავადოს და დროში გაწელოს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესი...
პაატა იმნაძე

რადიო თავისუფლება: საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით, 24 დეკემბრიდან, სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები ერთი კვირით მოიხსნება. ყოველ შემთხვევაში, ასე დაანონსდა ორი კვირის წინ. დაწესებულმა შეზღუდვებმა მძიმე ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დააყენა როგორც რიგითი მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი, ისე, სერიოზული პრობლემები შეუქმნა ბიზნესის წარმომადგენლებს. ბოლო დღეებია, გაჩნდა ნეგატიური მოლოდინი, რომ შესაძლოა, შეზღუდვები არ მოიხსნას, არ გაიხსნას სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და ა.შ., რაც კიდევ უფრო გაართულებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას, როგორი იქნება თქვენი, როგორც ეპიდემიოლოგის რეკომენდაცია საკოორდინაციო საბჭოს მიმართ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით?

პაატა იმნაძე: არაფერია დასამალი იმაში, რომ ჩემი და ამირან გამყრელიძის პოზიცია შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, შესაძლოა იყოს მკაცრი და მე, როგორც ეპიდემიოლოგი ვთვლიდე, რომ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გადაავადოს და დროში გაწელოს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესი. თუმცა, ცხადია, საკოორდინაციო საბჭო მხოლოდ ჩვენს რეკომენდაციებზე დაყრდნობით არ მოქმედებს და საბჭოს უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს მისი ეკონომიკური ბლოკი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მკაცრი შეზღუდვების მომხრეები ვართ, მაგრამ საბოლოოდ, ალბათ შემიძლია ასე ჩამოვაყალიბო ჩემი შეხედულება - დღეს არსებული შეზღუდვები შეზღუდულად უნდა გაიხსნას. ანუ, მარტივად რომ გითხრათ, ის, რაც დღეს დაკეტილია, იმის ყველაფრის ერთად გახსნა, ჩვენი აზრით, არ იქნება მიზანშეწონილი. აბსოლუტურად ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს შეზღუდვები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მაგრამ ამის პარალელურად, მაშინ, მოსახლეობამ, ბიზნესმაც უნდა გაითავისოს ბევრი რამ. თუკი, მაგალითად, კიდევ უფრო გავზრდით პირბადის მოხმარების დღევანდელ, 65%-იან მაჩვენებელს, მეტად დავიცავთ დისტანციას, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ავარიდოთ თავი დამატებით და ხანგრძლივ შეზღუდვებს. რომ თუკი ბიზნესი, მაღაზიები, რესტორნები, ყველა რეკომენდაციას შეასრულებენ, იმაზე მეტ ადამიანს არ შეუშვებენ შენობაში, ვიდრე ეს რეკომენდებულია, დაიცავენ ყველა წესს, კიდევ უფრო მალე გამოსწორდება ვითარება. ჩვენზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. რატომ წესდება შეზღუდვები, იმიტომ, რომ ეს ვიღაცას მოსწონს? არა, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ რჩება და ამ სიტუაციის შეცვლა ჩვენ, მოქალაქეებს შეგვიძლია.

რადიო თავისუფლება: უკანასკნელ დღეებში იმატა ვირუსით გარდაცვლილთა ყოველდღიურმა მაჩვენებელმა. გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა კვლავ მოსალოდნელია.

პაატა იმნაძე: ამასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებია ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინე. თუმცა, სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, მოვლენები ლოგიკურად განვითარდა. დღეს სწორედ ის ადამიანები მძიმდებიან, რომლებიც იმ დღეებში დაინფიცირდნენ, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი 5000-ს სცდებოდა. შესაბამისად, გარდაცვალების რიცხვის მატებაც მოსალოდნელი იყო და ამას ყოველთვის ვამბობდით.

რადიო თავისუფლება: როგორია დღეს ქვეყანაში ვირუსის რეპროდუქციული რიცხვი, ანუ ვირუსის გადადების მაჩვენებელი. როგორც ცნობილია, თუკი ეს რიცხვი ერთ სცდება, ანუ ერთი ინფიცირებული ერთზე მეტ ადამიანს აინფიცირებს, მდგომარეობა რთულია. ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 1,50-საც სცდებოდა.

პაატა იმნაძე: ამ მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ბოლო დღეების მაჩვენებელი ერთის ფარგლებში მერყეობს, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთი ინფიცირებული დღეს ერთზე ნაკლებ ადამიანს აინფიცირებს.

რაც შეეხება ამ ახალ შტამს, ის ამ ეტაპზე, მხოლოდ იმით გამოირჩევა, რომ უფრო ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე, მაგრამ სხვა უფრო საყურადღებო ნიშანს, ამ ეტაპზე, არ ავლენს.

რადიო თავისუფლება: რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს შეკვეთა და covax პლატფორმის (ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი) გავლით, საქართველომ 700 ათასი მოქალაქის ასაცრელი დოზა ვაქცინა უნდა მიიღოს. როგორია რეალისტური გათვლები, როდის ველოდებით ქვეყანაში ვაქცინას, როდის შეიძლება დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი და გვაქვს თუ არა ვაქცინის დასაწყობებისათვის შესაფერისი პირობები, რადგან ვიცით, რომ მაგალითად „ფაიზერის“ წარმოების ვაქცინა მინუს 80 გრადუსზე ინახება.

პაატა იმნაძე: მოლაპარაკებების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. და ეს პროცეის მიდის არა მხოლოდ covax პლატფორმასთან, არამედ კონკრეტულ ქვეყნებთან ორმხრივ ფორმატში, რათა ყველა გზა იქნას გამონახული იმისათვის, რომ ვაქცინა საკმარისი რაოდენობითა და რაც შეიძლება ადრე შემოვიდეს ქვეყანაში. გვაქვს ყოველდღიური თათბირი, მუშაობს სამუშაო ჯგუფი იმისთვის, რომ ქვეყანა მზად იყოს ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად, იქნება ეს მინუს 80-გრადუსიანი, მინუს 20-იანი და ჩვეულებრივ მაცივარში შესანახი ვაქცინა. შემიძლია გითხრათ, რომ არცერთ შემთხვევაში, ჩვენ ვაქცინის შენახვის პრობლემა არ შეგვექმნება. ვაქცინის ე.წ. ჩვეულებრივ მაცივარში შენახვის პრობლემა არ არსებობს, რადგან ქვეყანაში ძალიან კარგი „ცივი ჯაჭვი“ გვაქვს გამართული. პრობლემები არ შეგვექმნება არც ისეთი ვაქცინის მიღებაზე, რომელსაც შესანახად დასჭირდება მინუს 20 გრადუსი, რადგან ეს ჯაჭვი ქვეყნის ყველა რაიონში გვაქვს. რაც შეეხება მინუს 80-გრადუსიან ვაქცინას, ამ ვაქცინის მიღების შესაძლებლობა ამ ეტაპზე, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გვაქვს. რაც შეეხება ვაქცინის შემოტანის კონკრეტულ თარიღს, ჯერ ვერაფერს ვიტყვით ზუსტ თარიღზე, თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება გაზაფხულისთვის. ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც პირველ ეტაპზე აიცრება სამედიცინო პერსონალი და ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარები და პერსონალი.

რადიო თავისუფლება: გუშინ, საერთაშორისო მედიაში გაჩნდა ინფორმაცია ბრიტანეთში კორონავირუსის „ახალი ვერსიის“ აღმოჩენის შესახებ. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის განაცხადებით, კორონავირუსის ე.წ. ახალი ვერსიით 1000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. საქმის კურსშია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც.

პაატა იმნაძე: დიახ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შტამი, თუმცა, კორონავირუსის „სხვა ვერსია“ რამდენიმე თვის წინაც გამოჩნდა. რაც შეეხება ამ ახალ შტამს, ის ამ ეტაპზე, მხოლოდ იმით გამოირჩევა, რომ უფრო ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე, მაგრამ სხვა უფრო საყურადღებო ნიშანს, ამ ეტაპზე, არ ავლენს.

XS
SM
MD
LG