Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთი პირველი იწყებს AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციას


დღეიდან დიდ ბრიტანეთში იწყება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული პრეპარატითაც. გაერთიანებული სამეფო პირველი სახელმწიფოა, რომელმაც ოფიციალურად გასცა ამ ვაქცინის გამოყენების ნებართვა და მისი გამოყენება დაიწყო.

2020 წლის დეკემბერში, დიდმა ბრიტანეთმა პირველმა დაიწყო ვაქცინაცია ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNTech-ის პრეპარატითაც. ჯერჯერობით აცრას უკეთებენ რისკ-ჯგუფების წარმომადგენლებს - მედიკოსებს, სოციალურ მუშაკებს და ხანდაზმულებს. თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამ პრეპარატით აცრეს მილიონზე მეტი ადამიანი.

90 წლის მარგარეტ ქენანი იყო პირველი ბრიტანელი. რომელიც 2020 წლის დეკემბერში აცრეს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით
90 წლის მარგარეტ ქენანი იყო პირველი ბრიტანელი. რომელიც 2020 წლის დეკემბერში აცრეს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით

AstraZeneca-ს ვაქცინის უპირატესობა იმაშია, რომ მისი შენახვა შესაძლებელია სტანდარტულ მაცივარში, განსხვავებით Pfizer/BioNTech-ის პრეპარატისგან, რომელსაც -70 გრადუსი სჭირდება.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შეუკვეთა ოქსფორდის უნივერსიტეტის და AstraZeneca-ს ვაქცინის 100 მილიონი დოზა, რაც საკმარისი იქნება 50 მილიონი ადამიანის ორჯერადად ასაცრელად. Pfizer/BioNTech-ის პრეპარატთან ერთად ვაქცინაცია სრულად მოიცავს გაერთიანებული სამეფოს 67 მილიონიან მოსახლეობას. დიდი ბრიტანეთის მთავრობას იმედი აქვს, რომ ორი პრეპარატის გამოყენება ვაქცინაციის პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს.

BBC-ის ინფორმაციით, მთავრობამ ვაქცინაციის გეგმა შეცვალა და პირველ და მეორე აცრას შორის ინტერვალი სამი კვირიდან სამ თვემდე გაზარდა, რადგან მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია პირველი დოზით აიცრას რაც შეიძლება მეტი ადამიანი. Covid-19-ისგან ძირითად დაცვას პირველი აცრა წარმოშობს, მეორე კი უფრო მეტად განსაზღვრავს ვაქცინის მოქმედების ხანგრძლივობას.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით უკევ დაინფიცირდა 2.6 მილიონზე მეტი ადამიანი. Covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 75 ათასს აჭარბებს. ბოლო ხანს გაერთიანებულ სამეფოში გავრცელდა კორონავირუსის ახალი შტამი, რომლის გამოც ქვეყნის დიდ ნაწილში მკაცრი კარანტინია გამოცხადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG