Accessibility links

logo-print logo-print

აუდიოჩანაწერში ტრამპი ჯორჯიის შტატის მესვეურს ეუბნება, ხმები "უპოვოს"


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, ზეწოლას ახორციელებს ჯორჯიის შტატის საარჩევნო უწყების მაღალჩინოსანზე, რათა მან ხმები "უპოვოს" და შეცვალოს ამ სამხრეთის შტატში არჩევნების შედეგი - იმ ფონზე, როცა კონგრესში ტრამპის მოკავშირეები მიმდინარე კვირაში აპირებენ შეეწინააღმდეგონ არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სერტიფიცირების პროცედურას.

ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დანიშნული, და ტრამპი კიდევ უფრო ინტენსიურად ცდილობს ძალაუფლების ტრადიციული გადაცემის აღკვეთას. არჩევნების გაყალბების შესახებ ტრამპის განცხადებების მიუხედავად, შტატის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ არ არსებობს გაყალბების და სხვა პრობლემების მტკიცებულება, რომელიც არჩევნების შედეგს შეცვლიდა.

შტატებმა თავიანთი შედეგები უკვე დაამტკიცეს, როგორც სამართლიანი და ძალის მქონე. არჩევნების შედეგების შესახებ პრეზიდენტის და მისი მოკავშირეების მიერ შეტანილი 50-ზე მეტი სარჩელიდან უმეტესობა უარყოფილ იქნა, ან განხილვა დაიხურა. ტრამპმა ორჯერ წააგო აშშ-ის უზენაეს სასამართლოში.

სატელეფონო საუბარში, რომლის ჩანაწერიც "ვაშინგტონ პოსტმა" 3 იანვარს გამოაქვეყნა, ისმის, რომ ტრამპი ზეწოლას ახდენს ჯორჯიის შტატის მდივანზე, რესპუბლიკელ ბრედ რაფენსპერგერზე და მას ეუბნება, ხმები "უპოვოს". ჩანაწერის მიხედვით, ტრამპი ამბობს: "მე უბრალოდ მინდა ვიპოვოთ 11,780 ხმა, რაც იმაზე მეტია, ვიდრე გვაქვს", და განაგრძობს: "ცუდი არაფერი იქნება იმის თქმაში, რომ ხელახლა დაითვალეთ".

ჯორჯიის შტატმა ბიულეტენები სამჯერ დათვალა, რის შედეგადაც ორჯერ ოფიციალურად დამტკიცდა ბაიდენის გამარჯვება. ბოლო შედეგით, ბაიდენმა ტრამპთან შედარებით 11,779-ით მეტი ხმა მიიღო, მთლიანობაში თითქმის 5 მილიონი ბიულეტენიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG