Accessibility links

logo-print logo-print

„სიყვარული უკვდავებისკენ სწრაფვაა“ – პლატონის „ნადიმი“


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს სიყვარულის, როგორც ფენომენის, ყველაზე უფრო ღრმა ფილოსოფიურ და მხატვრულ შესწავლაზე, რასაც მიეძღვნა ყველა დროის უდიდესი ფილოსოფოსისა და მოაზროვნის, გენიალური პლატონის დიალოგი „ნადიმი“. ბერძნული ნადიმის მთავარი თავისებურება გახლავთ ჭამა-სმისა და მეტყველების სხვაგვარი, ჩვენგან განსხვავებული, თანამიმდევრობა. მთავარი განსხვავება სადღეგრძელოებშია: ეს არ გახლავთ სადღეგრძელოთა ტრადიციული რიგი, ეს გახლავთ მეინახეთა მიერ გამოთქმული აზრები ერთ თემაზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აზრები ეროსზე, ანუ სიყვარულზე. „ნადიმში“ გადმოცემულია სიყვარულის თეორიები, სულ ექვსი თეორია და ერთი პრაქტიკული მაგალითი (ალკიბიადე). ფედროსის, ერიქსიმაქოსის, პავსანიას გამოსვლებში ლაპარაკია ეროსზე, როგორც უძველეს ღმერთზე ან ორ ეროსზე, რადგან არსებობს ორი აფროდიტე (ჩვენთვის რუსთველისგან კარგად ცნობილი თეორია ზენა და ქვენა სიყვარულზე), აფროდიტე ურანია და აფროდიტე პანდემოსი, ანუ საერთო-სახალხო აფროდიტე. განსაკუთრებით გამორჩეულია კომედიის მამის, არისტოფანეს, გამოსვლა, რომლის მიხედვითაც, სიყვარული ოდინდელი ერთობისკენ მისწრაფებაა. უცნაური ოთხფეხა და ოთხხელა არსებები ზევსის ბრძანებით აპოლონს გაუკვეთია და ახლა ყოფილი მთლიანის ნახევრები ერთმანეთისკენ მიისწრაფვიან. ბოლოს ძალიან საინტერესო სიტყვა თქვა აგათონმა, რომლის ძირითადი თეზისი ეროსის მშვენიერებას ეხებოდა. როგორ ათქმევინა ყველა თავის არგუმენტზე უარი სოკრატემ აგათონს; ვინ იყო დიოტიმა, რომელმაც სოკრატეს სიყვარულის თეორია ასწავლა; რა კავშირია სიყვარულსა და კეთილდღეობას, სიყვარულსა და უკვდავებას შორის, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG