Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალი ხამენეი: ირანს არ ეჩქარება ბირთვული პროგრამის თაობაზე გარიგებაში აშშ-ის  დაბრუნება


ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ ეჩქარება ბირთვული პროგრამის თაობაზე გარიგებაში აშშ-ის დაბრუნება ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ.

„ჩვენ არ გვეჩქარება და არ მოვითხოვთ მათ დაბრუნებას,“ თქვა ხამენეიმ 8 იანვარს სატელევიზიო გამოსვლაში. მან გაიმეორა, რომ ირანი მოითხოვს სანქციების გაუქმებას, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელახლა დაუწესა ირანს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა 2018 წლის მაისში დატოვა შეთანხმება.

ტრამპის თქმით, 2015 წელს მიღწეული გარიგება არ იყო საკმარისი და თქვა, რომ თეირანზე განხორციელდება ეკონომიკური ზეწოლა, რაც მას აიძულებს, დათანხმდეს ახალი შეთანხმების მიღწევას მისი ბირთვული პროგრამისა და რეგიონში მისი მხარდაჭერით მოქმედი ძალების შესახებ.

შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის საპასუხოდ ირანმა, რომელიც აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამოქალაქო მიზნებს ისახავს, ეტაპობრივად დაარღვია შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები, მაგალითად, განაახლა ურანის გამდიდრება. თეირანის თქმით, ის აღარაა ვალდებული, დაიცვას 2015 წლის შეთანხმების პირობები.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი შესაძლოა დაუბრუნდეს ამ გარიგებას, რომლის ფარგლებშიც თეირანმა ივალდებულა შეზღუდოს თავისი ბირთვული პროგრამა. თუკი ირანი ასე მოიქცევა, სანაცვლოდ შესუსტდება მის მიმართ სანქციები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG