Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: მმართველ გუნდს შეუძლია ჩემი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს მმართველ გუნდზე, რომელიც, მისი თქმით, ღირსეულად შეძლებს მისი "შრომის, ავტორიტეტისა და უნარების" ჩანაცვლებას და ქვეყნის მართვას. ბიძინა ივანიშვილის თქმით, "მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა" და მისთვის "უცხოა ხელისუფლების შენარჩუნების ცდუნების გამო, ხალხის ღირსებისა და მათი არჩევანის შებღალვა".

პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება დღეს, 11 იანვარს გაავრცელა. ამ წერილში ის წასვლის მიზეზად ამბობს, რომ მისი "მისია შესრულებულია" და აქვე მოქმედი მმართველი გუნდის სახელით პირობას დებს, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების გზას არ გადაუხვევენ.

"ჩვენ არასდროს გადავუხვევთ დემოკრატიისა და თავისუფლების გზას, რაც ბრძენმა ქართულმა საზოგადოებამ სათანადოდ დააფასა და კიდევ ერთხელ დაგვდო ხელისუფლებაში ყოფნის პატივი", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის წერილში. მისი თქმით, ის პოლიტიკიდან ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი მიდის.

"ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი.

როდესაც ჩნდება კითხვა, თუ რატომ აირჩია ხალხმა „ქართული ოცნება“ 2020 წელსაც, პასუხი მარტივია. შევხედოთ, რა იყო ქვეყნისთვის წინამორბედი ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობის შედეგი და რას მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის განმავლობაში. სწორედ ახლა გვაქვს საშუალება ამოვიდეთ ყოველდღიური, ფრაგმენტირებული საინფორმაციო ამბებიდან და განვლილი ხანგრძლივი პერიოდის მთლიან სურათს დავაკვირდეთ", - წერს ბიძინა ივანიშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ "ქართული წესით, წამსვლელი კაცი მხოლოდ მადლობას იხდის და დამრჩენს სიკეთეს უსურვებს", თუმცა, ამის მიუხედავად, წერილის ვრცელ ნაწილს უთმობს "ჩვენი საერთო წარსულის ობიექტურ შეფასებას".

ბიძინა ივანიშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ახლანდელი გუნდი, წინასთან შედარებით, ძირეულად განსხვავებული და განახლებულია.

"პირადად ჩემთვის საამაყოა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ არა ახალბედა და მერყევი, არამედ პირიქით, პოლიტიკურ ბრძოლებში გამობრძმედილი და გამოცდილი, ევრო-ატლანტიკური ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის მტკიცედ გამზიარებელი, გამორჩეული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მქონე, ხალხის სამსახურში მყოფი, ერთგული, ნიჭიერი და პატიოსანი ადამიანების მყარი ერთობაა, რომელიც სამშობლოს სიყვარულით, პატრიოტიზმით, თავდადებით, ინტელექტით, საკუთარი მოქალაქეებისადმი თანაგრძნობითა და პროფესიონალიზმით, არც ერთი შეფასების ნიშნითა თუ კრიტერიუმით არ ჩამოუვარდება ევროპული ქვეყნების მთავრობებს. მინდა შეგახსენოთ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ გუნდის ფორმირება მიმდინარეობდა გაწბილებული და ყავლგასული პარტიისა და მისი განშტოებების მხრიდან გამუდმებული უსამართლო თავდასხმებისა და იერიშების თანხლებით. ჩვენ გავუძელით პოლიტიკურ ბრძოლას ყოველგვარი ეთიკური ნორმებისა და წესების გარეშე. პარადოქსული და უპრეცედენტოა, რომ რაც მეტ წარმატებას აღწევდა ხელისუფლება და ქვეყანა, კიდევ უფრო განრისხებულად, არაკონსტრუქციულად და მტრულად მოქმედებდა ოპოზიცია".

საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაში მოვიდა.

2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და ისევ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG