Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" შედეგი ავტორიტარიზმი და საკუთარი თავის გაფეტიშება იყო


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში მნიშვნელოვან ადგილს უთმობს წინა ხელისუფლების, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის შეფასებასა და ანალიზს, როგორც თვითონ წერს, "ჩვენი საერთო წარსულის ობიექტურ შეფასებას". ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, განსხვავებულია "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მმართველობის შედეგები და პირველ შემთხვევაში "ეს იყო ავტორიტარიზმი, საკუთარი თავის გაფეტიშება, შიშსა და წამებაზე დაფუძნებული დიქტატურა, მიტაცებული საჯარო სივრცე და ცრუ პროპაგანდა, პირადი ძალაუფლების გამყარების და უვადოდ გახანგრძლივების მცდელობა". "ქართული ოცნების" შედეგი კი, მისი ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, არის "მშვიდობა, ღია და პლურალისტული დემოკრატია გახსნილი საჯარო და საინფორმაციო სივრცით, საკონსტიტუციო რეფორმით განმტკიცებული საპარლამენტო მმართველობა, ხელისუფალის გაფეტიშების მიუღებლობა, ინსტიტუციურად დაბალანსებული ხელისუფლება, პოლიტიკისაგან გამიჯნული მართლმსაჯულება და საჯარო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და მის წინაშე თანასწორობა, სამართლიანი არჩევნების პრაქტიკის დამყარება, დაბოლოს, პოლიტიკიდან დროული წასვლა".

ბიძინა ივანიშვილი წერილში ამბობს, რომ "ქართული წესით, წამსვლელი კაცი მხოლოდ მადლობას იხდის და დამრჩენს სიკეთეს უსურვებს. ეს წესი, ღვინის სამშობლოში, ქართული სუფრის განუმეორებელმა ტრადიციამ დაამკვიდრა, რომელიც, როგორც არაერთხელ ვთქვი, ყველაზე ნათლად გადმოსცემს ქართველი კაცის ყოფითი ცხოვრების არსს და ფილოსოფიას". მისი თქმით, მას არ უნდოდა ამ წესის დარღვევა, მაგრამ ვინაიდან პოლიტიკაში, სუფრისგან გასხვავებით, ადამიანების, მოქალაქეების ბედი წყდება, ის თავს ვალდებულად მიიჩნევს, ისაუბროს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის მანკიერ მხარეებზე. მისი შეფასებით, დღეს "ეს ბოროტება [ნაციონალური მოძრაობა] მნიშვნელოვნად შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იგრძნობა და მის მთავარ შემაკავებელ ძალად კვლავ „ქართული ოცნება“ რჩება".

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და "ქართული ოცნების" ახლა უკვე ყოფილი თავმჯდომარე მედიაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ყველა იმ მაუწყებელზე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მათ ინტერესს ატარებდა, ახლა სამართლიანობა აღდგენილია.

"ყველას გახსოვთ, რა მდგომარეობაში იყო მედია, - სახელისუფლებო პარტიას მიტაცებული ჰქონდა და სრულად აკონტროლებდა სამივე ეროვნულ მაუწყებელს (იმედს, რუსთავი 2-ს და საზოგადოებრივ მაუწყებელს). პარტიის ლიდერები საკუთარი დღის წესრიგით მართავდნენ საინფორმაციო ველს, ისინი ადგენდნენ ახალი ამბების თანმიმდევრობას და ხშირად პირადად წერდნენ ახალი ამბების ტექსტებსაც კი! ჩართული იყო ერთიანი პროპაგანდის მანქანა, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა ადამიანთა შეხედულებებზე გავლენის მოხდენას. წლები დასჭირდა მიტაცებულ არხებზე სამართლიანობის აღდგენას, თუმცა, სამწუხაროდ, სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს, რადგან არსად გამქრალან არც პოლიტიკური შემკვეთი, სააკაშვილის სახით, და არც ამ შეკვეთის შემსრულებლები, მედიამენეჯერებად გადაკვალიფიცირებული პარტიული ფუნქციონერებისა და ჟურნალისტების სახით. ჩვენ ბევრი რამ შევცვალეთ ამ ქვეყანაში, ბევრ გამოწვევას გავუძელით, ბევრი პრობლემა გადავლახეთ, მაგრამ სიცრუის დამარცხება და გაქრობა საინფორმაციო ველიდან ვერ შევძელით - შესაძლოა, ეს ამოცანა თანამედროვე სამყაროში შეუსრულებელიც კია. სამაგიეროდ, სახელმწიფოს სწორი მართვითა და პროპაგანდაზე უარის თქმით, ჩვენ შევძელით ადამიანებისთვის თავისუფალი და პლურალისტური გარემოს შექმნა", - ამბობს ბიძინა ივანიშვილი თავის ვრცელ წერილში. მიუხედავად გაკეთებული საქმეებისა, იგი არც არსებული მედიაგარემოთია კმაყოფილი და არ მოსწონს ოპოზიციური მედიასაშუალებების დღის წესრიგი.

"ზოგადად, ძალიან გულდასაწყვეტია პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიის სამსახურში ჩამდგარი ზოგიერთი მედიასაშუალების ხილვა, რომელთაც სრულიად დაკარგეს მედიის შინაარსი, ფუნქცია და ელემენტარული სტანდარტის შეგრძნება. „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს კვლავ პრობლემად დარჩა სიცრუე და ტყუილზე დაფუძნებული პროპაგანდა, რომელიც ოპოზიციაში გადასული ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მთავარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ფეიკნიუსის პრობლემა მთელ ცივილიზებულ სამყაროს აწუხებს, საქართველოს შემთხვევაში მისმა მასშტაბმა წარმოუდგენელ უფსკრულს მიაღწია. აღვირახსნილმა პროპაგანდამ რიგითი მაყურებელი მთლიანად გააუცხოვა სატელევიზიო სივრცეს. ფაქტებით მანიპულაცია, ტყუილი და ცილისწამება ზოგიერთი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის ამოსავალ წერტილად გადაიქცა, რასაც არაფერი აქვს საერთო საზოგადოების ინფორმირების ფუნქციასთან. სამწუხაროა, რომ ამ ფერხულში, პარტიულ ჟურნალისტებთან ერთად, ექსპერტებად წოდებული პერსონებიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით არიან ჩაბმული, რომლებიც სათანადო პროფესიული ცოდნის არქონის ფონზე და ანგარების მოტივით, პოლიტიკური ოპოზიციის მხარდამჭერ სპიკერებად ჩამოყალიბდნენ.

შემაშფოთებელია ის, რომ ამ მანკიერი პროპაგანდის ორგანიზატორი და წარმმართველი ოპოზიციის ამოცანა იყო და არის არა ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში თანამონაწილეობა, არამედ ხელისუფლებისათვის შეძლებისდაგვარად გზის გადაღობვა, ხალხის კეთილდღეობის მისაღწევად მიმართული ძალისხმევის მაქსიმალურად დამუხრუჭება და შეფერხება".

მედიის გარდა, ის ხელისუფლების მხრიდან შევიწროებულ ბიზნესზეც საუბრობს და ამბობს, რომ "ბიზნესზე იყო მომსხდარი პროკურატურა და ფინანსური პოლიცია".

"ხელისუფლებას მთლიანად მძევლად ჰყავდა აყვანილი მსხვილი ბიზნესი და მის მხარდასაჭერად უწევდა გარჯა. ბიზნესმა დაკარგა თავისი უმთავრესი მახასიათებელი, - გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების შესაძლებლობა. არათუ რამე გარიგება, ოდნავ დიდი ფინანსური ტრანზაქციაც კი, გენერალური პროკურორის ყოველდღიურ, პირად კონტროლს ექვემდებარებოდა. ასეთივე ხელოვნური იყო ეკონომიკაც, როდესაც ლარის კურსის დაჭერა ხდებოდა 2008 წლის წაგებული ომის სანაცვლოდ მიღებული დასავლეთის ფინანსური ინექციით. ეს იყო რამდენიმემილიარდიანი სესხი, რომელიც დღემდე ვალად აწევს ქვეყანას და ხალხს".

"ქართული ოცნების" მმართველობაში ყოფნის პერიოდს ფონად გასდევს ლარის შეუქცევადი ვარდნა და საგარეო ვალის ზრდა. ბოლო წლებში მკვეთრად არის შემცირებული საგარეო ინვესტიციებიც.

საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაში მოვიდა.

2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და ისევ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.

XS
SM
MD
LG