Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: გული მწყდება, რომ ვერ შეიქმნა კონსტრუქციული ოპოზიცია


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი, რაც პოლიტიკური საქმიანობის დასასრულს „საფიქრებლად და დარდად“ მიჰყვება, ის არის, რომ „ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა ევროპული საპარლამენტო დემოკრატიისთვის დამახასიათებელ სტანდარტებს“.

პოლიტიკიდან წასვლის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ წერილში ივანიშვილი ამბობს, რომ არასდროს დაუშვია, რომ ხელისუფლებისთვის სასურველი იქნებოდა გარინდებული და უსიცოცხლო ოპოზიციის არსებობა: „ჩემთვის მიუღებელია არა ის, რომ ოპოზიცია ხელისუფლების საქმიანობას უარყოფითად წარმოაჩენს, რაც დემოკრატიისათვის აუცილებელი და სასარგებლოც კია, არამედ გასაოცარია მათი კრიტიკის შინაარსი და დაუსრულებელი არაკონსტრუქციულობა“.

ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ „მთავარი ოპოზიციური პარტიების, მათი პოლიტიკური დღის წესრიგის უსიტყვო შემსრულებელი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სრულ მორჩილებაში მყოფი, ფსევდოთავისუფალი მედიის“ პოლიტიკური ბრძოლის ძირითადი ტაქტიკა და სტრატეგიული მიზანი იყო „ხალხის ხელოვნურად აფორიაქება, ემოციებით მანიპულირება, ყალბი ახალი ამბების მეშვეობით საინფორმაციო ქაოსის, შიშის, უნდობლობისა და გაურკვევლობის შექმნა“.

ივანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს პრობლემად დარჩა სიცრუე და ტყუილზე დაფუძნებული პროპაგანდა, რომელიც ოპოზიციაში გადასული ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მთავარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად დარჩა და მიუხედავად იმისა, რომ ფეიკნიუსის პრობლემა მთელ ცივილიზებულ სამყაროს აწუხებს, საქართველოს შემთხვევაში მისმა მასშტაბმა წარმოუდგენელ უფსკრულს მიაღწია.

ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის „უნიჭობის, უტიფრობის და ღირსებაზე უარის თქმის ნათელ გამოვლინებად“ აფასებს იმას, რაც, მისი თქმით, სრული სიცხადით გამოჩნდა 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ:

„მერე რა, რომ დავმარცხდით?! მერე რა, რომ არ გაყალბებულა?! მერე რა, რომ არცერთი საპირისპირო მტკიცებულება არ გაგვაჩნია?! მერე რა, რომ ჯიუტად არ გვსურს უბნების გადათვლა, არც კენჭისყრის ამსახველი ვიდეომასალის შემოწმება და თან ურცხვად გავურბივართ დებატებს „ქართულ ოცნებასთან“, რომელმაც ეს ყველაფერი არაერთგზის შემოგვთავაზა?! მერე რა, რომ მთელმა მსოფლიომ აღიარა ხალხის სამართლიანი არჩევანი?! მერე რა, რომ უკლებლივ ყველა მეგობარი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ვაღიაროთ იგი?! არა! ჩვენ მძევლად ავიყვანთ სახელმწიფოს და ხალხს, მის მშვიდობას და სტაბილურობას და იქამდე ვარყევთ ქვეყანას, ვიდრე ჩვენსას არ გავიტანთ და დამარცხებულებს გამარჯვებულად არ გამოგვაცხადებთ! ანდა, ისეთ კრიზისში შევიყვანთ პანდემიის ფონზე დასუსტებულ ეკონომიკას, ისე დავამშევთ და გავაბოროტებთ ხალხს, რომ მხარი დაგვიჭიროს ამბოხებაში! ჩვენ გვინდა ძალაუფლება, ეს ძალაუფლება გვინდა დღეს და ეს ძალაუფლება უნდა მივიღოთ ყველაფრის ფასად, თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილა!“.

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, დღევანდელი მთავარი ოპოზიცია ძალადობდა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ძალადობს დღესაც, რადგან სუსტია: „დიქტატურის დამყარებას ნიჭი არ სჭირდება. დიქტატურა სუსტის და უნიჭოს არჩევანია. ნიჭისა და ძლიერების გამოვლინება დემოკრატიულად მართვის უნარსა და სურვილშია. ამიტომ დამარცხდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მარცხდებიან დღესაც“.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ სახით, დღეს „ქვეყანას ჰყავს საზოგადოებრივ სიკეთეზე, ადამიანსა და მის მსახურებაზე ორიენტირებული ხელისუფლება, ანუ ნიჭიერი და დემოკრატიული იდეალებისა და მართვის ფორმის ერთგული, ჭეშმარიტად ძლიერი გუნდი. ხალხი ხედავს და, ობიექტურად არსებული პრობლემების მიუხედავად, კრიტიკულ მომენტში ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას იღებს“.

ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ „საზოგადოებამ საბოლოოდ გამოიმუშავა ეს იმუნიტეტი და აღარასოდეს გააკეთებს საპირისპირო არჩევანს“.

ივანიშვილი წერს, რომ ხალხის სიბრძნე და „ქართული ოცნების“ ძლიერ გუნდად ჩამოყალიბება აძლევს რწმენას, რომ საფრთხე საბოლოოდ განეიტრალებულია და შეუძლია მშვიდად გაეცალოს პოლიტიკას: „ვტოვებ პოლიტიკას იმ იმედით, რომ პოლიტიკური ეგოიზმის და ერთი კაცის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოუთოკავი სურვილის გამო, დღევანდელი ოპოზიციის ის ნაწილიც დარწმუნდება, ვინც პოლიტიკური ნების უქონლობით, გამოუცდელობით თუ უხერხემლობით, ბოროტებისა და მისი მთავარი შემოქმედების გავლენის ქვეშ მოექცა. დარწმუნებული ვარ, ეს პარტიები აცნობიერებენ მათი ახლანდელი პოზიციის უპერსპექტივობას და თავს დააღწევენ ამ გავლენას, ანუ იბრძოლებენ საკუთარი მომავლისთვის, რაც ქართული დემოკრატიისთვისაც იქნება პერსპექტივა“.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამოაცხადა, რომ საბოლოოდ ტოვებს პარტიას და პოლიტიკას.

საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაში მოვიდა.

2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და ისევ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG