Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

MIS-C სინდრომი - COVID-ის გართულებით საქართველოში ათეულობით ბავშვი მკურნალობს  


პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ COVID-19-ით ინფიცირებული ბავშვებისა და მოზარდების გარკვეულ ნაწილს იშვიათი სინდრომი გამოუვლინდათ, უცხოურ მედიაში ჯერ კიდევ ადრე გაზაფხულზე გაჩნდა. ჟურნალისტები ექიმებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში, მოგვიანებით კი საფრანგეთში, ამერიკასა და აშშ-ში, კოვიდით ინფიცირებულ ან უკვე კოვიდისგან გამოჯანმრთელებულ მოზარდებს გამოუვლინდათ ე.წ. მისტიკური სინდრომი - მაღალი სიცხე, გამონაყარი კანზე, თვალებისა და ენის სიწითლე, დიარეა, შეშუპება, ამ სიმპტომებს თანდართული სისხლძარღვთა ანთებითი პროცესი, გულის ფუნქციონირების დასუსტება. მალევე დაფიქსირდა „მისტიკური სინდრომის“ პირველი მსხვერპლიც. ამ იშვიათი გართულების ნიშნები ძალიან ჰგავდა „კავასაკის სინდრომს“.

დარგის სპეციალისტებმა დაავადების შესწავლა დაიწყეს და მალევე „მისტიკურ სინდრომს“ კონკრეტული სახელი დაერქვა - ახალი პედიატრიული დაავადება, მულტისისტემური ინფლამატორული სინდრომი ბავშვებში (MIS-C).

MIS-C სინდრომი და საქართველო - ექიმები შემთხვევების მატებას ელიან

კოვიდით ინფიცირებულ ბავშვებში ამ იშვიათი გართულების შესახებ რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ მაისში წერდა. მაშინ, საქართველოში მსგავსი სინდრომით არცერთი ბავშვი არ გადიოდა მკურნალობას, რაკიღა ქვეყანაში ზოგადად ინფიცირების და, მათ შორის, ბავშვთა ინფიცირების რიცხვი საკმაოდ დაბალი იყო.

თუმცა, დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. MIS-C სინდრომის დიაგნოზით საქართველოში რამდენიმე ათეული ბავშვი გადის სტაციონარულ მკურნალობას. მხოლოდ იაშვილის კლინიკაში, 12 იანვრის მონაცემებით, ამ დიაგნოზით 12 ბავშვი მკურნალობს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში MIS-C სინდრომის გართულებული ფორმით 2 ბავშვია მოთავსებული. კიდევ რამდენიმე ათეული ბავშვი კლინიკებიდან გაეწერა და ბინაზე აგრძელებს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა რეანიმატოლოგი გიორგი კვიცინაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პაციენტების მატებას ექიმები მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ელიან, რადგან კოვიდით ინფიცირების პიკი ახალჩავლილია, ეს სინდრომი კი კოვიდით დაინფიცირებიდან ან გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე კვირის, ერთი თვის თავზე იწყებს გამოვლენას. ექიმი-რეანიმატოლოგი ამბობს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია დაავადების დროული გამოვლენა და სათანადო მკურნალობის დაწყება, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი გართულებები:

„უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვებში თავად კოვიდინფექცია, მოზრდილებისგან განსხვავებით, შედარებით მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს, შესაძლოა უსიმპტომოდაც კი ჩაიაროს, თუმცა, ამ ვირუსმა ბავშვების იშვიათ ნაწილში აჩვენა ვერაგი გართულება, რომელსაც მეცნიერებმა უკვე უწოდეს სახელი - მულტისისტემური ინფლამატორული სინდრომი. სინდრომი დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ვლინდება. ყველა პაციენტს, რომელიც ჩვენთან გადიოდა მკურნალობას, კოვიდი ან ახალგადატანილი ჰქონდა, ან ჯერ კიდევ აქტიური შემთხვევა იყო. საინტერესოა ისიც, რომ გვქონდა შემთხვევები, როდესაც მშობლებმა არც კი იცოდნენ, რომ ბავშვს კოვიდი ჰქონდა გადატანილი, რადგან ვირუსმა უსიმპტომოდ ჩაიარა, თუმცა, ანტისხეულები აჩვენებდნენ, რომ ბავშვს ვირუსი გადატანილი ჰქონდა. არსებობს უკვე საერთაშორისო პროტოკოლი, რომლის თანახმადაც, შესაძლებელია MIS-C სინდრომის დროული ამოცნობა და შემდეგ უკვე სათანადო მკურნალობის დაწყება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სინდრომის შესახებ მაქსიმალურად გავრცელდეს ინფორმაცია როგორც მოსახლეობაში, ისე სამედიცინო სექტორში, რეგიონებში, რადგან დროულად მოხდეს სინდრომის იდენტიფიცირება. სამწუხაროდ, სინდრომს საკმაოდ მძიმე გართულებები აქვს, მათ შორის, იწვევს თირკმლის მწვავე დაზიანებას, მიოკარდიუმის დისფუნქციას“.

გიორგი კვიცინაძის თქმით, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმების, მათ შორის, პედიატრების, რევმატოლოგების, ბავშვთა ინფექციონისტების მიერ მომზადებულია სინდრომის მართვის პროტოკოლი, რომელიც უახლოეს პერიოდში გადაიგზავნება შესაბამის სტრუქტურებში განსახილველად და დასამტკიცებლად.

ძვირადღირებული და დეფიციტური პრეპარატი

ამ ეტაპზე, ქართველი ექიმები საერთაშორისო პროტოკოლის რეკომენდაციების მიხედვით აწარმოებენ მკურნალობის პროცესს, რომლის თანახმადაც, საშუალო და მძიმე პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება იმუნოგლობულინი. როგორც ირკვევა, ის საქართველოში დეფიციტური და ძვირადღირებული პრეპარატია.

რადიო თავისუფლებამ დღეს, 12 იანვარს, ეს პრეპარატი მხოლოდ ერთი დიდი სააფთიაქო ქსელის ერთადერთ აფთიაქში და ისიც ერთი ფლაკონი მოიძია. ფლაკონის ღირებულება 598 ლარი და 90 თეთრია. პაციენტს კი, მისი წონიდან გამომდინარე, შესაძლოა 10 ან მეტი ფლაკონიც კი დასჭირდეს. ამ ეტაპზე, წამლის ღირებულებას ჯანდაცვის სამინისტრო არ ანაზღაურებს. შესაბამისად, თანხისა და პრეპარატის მოძიება პაციენტის ოჯახს თავად უწევს.

5 წლის ბავშვს, რომელიც ამჟამად „ნიუ ჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, იმუნოგლობულინი ცოტა ხნის წინ გადაესხა. პრეპარატი ოჯახის წევრებმა საკუთარი სახსრებით შეიძინეს. ბავშვი თბილისში სამკურნალოდ ერთ-ერთი რეგიონიდან, რამდენიმე დღის წინ გადმოიყვანეს. როგორც მისი მკურნალი ექიმი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, იმუნოგლობულინით მკურნალობა დასჭირდა მათ ერთ პაციენტსაც. თუმცა, კლინიკამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეპარატის ხარჯები თავად დაეფარა. ივანე ჩხაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჯანდაცვის სისტემამ ქვეყანაში პრეპარატის დეფიციტის პრობლემა უნდა მოაგვაროს, რადგან ეს პრეპარატი მხოლოდ MIS-C სინდრომის სამკურნალოდ არ გამოიყენება. გარდა ამისა, მისი თქმით, აუცილებელია, სისტემამ უზრუნველყოს ახალი პედიატრიული სინდრომის მართვის გეგმა:

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს ამ საკითხზე შეხვედრას, რადგან შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს. შესაძლებელია, იმუნოგლობულინის გამოყენება უკვე არაერთ შემთხვევაში დაგვჭირდეს და გვინდა, რომ უკვე სისტემურად იყოს განხილული ზოგადად ამ დიაგნოზის დაფინანსების საკითხი. ჩვენ გვქონდა ამის შესახებ საუბარი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან და იმედია, კვლავ შედგება შეხვედრა. მიგვაჩნია, რომ ზოგადად ამ დიაგნოზის დაფინანსება უნდა მოექცეს სისტემაში, რადგან მის უკან დგას ძალიან ბევრი დიაგნოსტიკური კვლევა და ეს საკმაოდ ძვირადღირებული დიაგნოზია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს MIS-C-ის პროტოკოლზე მუშაობა და, სავარაუდოდ, თებერვალში პროტოკოლს ჯანდაცვის სამინისტროში წარვადგენთ“.

MIS-C სინდრომსა და მისი მკურნალობის ხარჯებისა და პრეპარატის დეფიციტის საკითხს ვრცელი პოსტი მიუძღვნა სოციალურ ქსელში რეანიმატოლოგმა ანი ქავთარაძემ. ის ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას მიმართავს:

„1 ფლაკონი შედგება სულ რაღაც 2.5 გრ.-გან და ჩვენს ქვეყანაში ღირს 600 ლარი. შესაბამისად, ბავშვს, რომელიც იწონის 20 კგ.ს ესაჭიროება 16 ფლაკონი ანუ, ჯამში 9,600 ლარის ღირებულების!!! ეს თანხა, ბევრ ოჯახს ერთად არც არასდროს უნახავს! აქვე დგება მეორე პრობლემა - ვთქვათ მშობელმა იშოვა თანხა, შემდეგ ჯერი თავად წამლის ძებნაზე დგება. დღევანდელი მონაცემებით (8 იანვარი) ქალაქში სულ 9 ცალი მოიპოვება და გამოდის, რომ სხვასაც რომ დასჭირდეს, ფიზიკურად აღარ არის! რას ვაკეთებთ?! იმედია, დროულად იღებთ ყურად და სასწრაფოდ შემოიტანთ და დააფინანსებთ კიდეც, ვინაიდან, პიკის გადავლის შემდეგ შესაძლოა, კიდევ გვყავდეს ქვეყანაში ასეთი მძიმე პაციენტები. მათ დიდ უმრავლესობას კი, როგორც მოგეხსენებათ, ვერ ექნება მსგავსი მასშტაბების მატერიალური შესაძლებლობა“.

რას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო?

  • გეგმავს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო, უზრუნველყოს ქვეყანაში მულტისისტემური ინფლამატორული სინდრომის სამკურნალო პრეპარატის შემოტანა და მარაგის შევსება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ექიმები მომდევნო ერთ თვეში შემთხვევების მატებას ელიან?
  • გეგმავს თუ არა ძვირადღირებული პრეპარატით მკურნალობის დაფინანსებას?
  • რა ინფორმაციას ფლობენ უწყებაში საქართველოში MIS-C სინდრომისა და მისი მკურნალობის თაობაზე და იგეგმება თუ არა კონკრეტული პროტოკოლის შემუშავება?
  • მიმდინარეობს თუ არა საინფორმაციო კამპანია სამედიცინო სექტორში კოვიდით გამოწვეული ახალი პედიატრიული დაავადების შესახებ?

ამ კითხვებით რადიო თავისუფლებამ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა.

პრეპარატის შემოტანის უზრუნველყოფისა და დაფინანსების შესახებ უწყების პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ პრეპარატის შემოტანის საკითხები დღის წესრიგში არ დგას, რადგან იმუნოგლობულინით მკურნალობა ყველა პაციენტს არ სჭირდება და ყველა ექიმი არ იყენებს ამ პრეპარატს. რაც შეეხება დაფინანსებას, თუკი ერთეული შემთხვევები იქნება და მოგვმართავენ, ამ შემთხვევებს განვიხილავთ“.

რაც შეეხება MIS-C სინდრომის მართვის პროტოკოლს საქართველოში და სამედიცინო სექტორის ინფორმირებას ახალი პედიატრიული დაავადების შემთხვევების შესახებ, ამ საკითხზე სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

რჩევები მშობლებს

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, გასული წლის მაისიდან ოქტომბრამდე, ქვეყანაში MIS-С სინდრომის 1288 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 23 პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტთა ასაკი 1-დან 14 წლამდეა. უმეტეს შემთხვევაში, სინდრომი კოვიდით ინფიცირებიდან 2-4 კვირაში გამოვლინდა.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აქვეყნებს რჩევებს მშობლებისთვისაც, თუ რა შემთხვევაში უნდა მიიტანონ ეჭვი ახალ პედიატრიულ სინდრომზე და როდის უნდა მიმართონ ექიმს ან კლინიკას:

თუკი ბავშვს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები:

  • მაღალი სიცხე
  • მუცლის ტკივილი
  • პირღებინება
  • დიარეა
  • ყელის ტკივილი
  • გამონაყარი
  • თვალების სიწითლე
  • სისუსტე, ძილიანობა
  • სუნთქვის გაძნელება
  • სახის შესიება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG