Accessibility links

logo-print logo-print

"ენგურჰესი" სამი თვით ჩერდება


დღეიდან, 20 იანვრიდან სარემონტო სამუშაოების მიზნით ჩერდება საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური, „ენგურჰესი“.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჰესზე კომპლექსური სარემონტო სამუშაოები ბოლოს 15 წლის წინ ჩატარდა, ამიტომ სადგურის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გახდა მისი დროებით გაჩერება და რეაბილიტაცია. სამუშაოებს შეასრულებენ გერმანული, ქართული და თურქული კომპანიები. პროექტის ღირებულება 45 მილიონი ევროა, საიდანაც 7 მილიონი ევროკომისიის გრანტია და 38 მილიონი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი.

პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია სადერივაციო გვირაბის რემონტი, რომლის გამოც საჭირო გახდა ჰესის სრულად გაჩერება. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად შესაძლებელი იქნება წელიწადში დამატებით 100-120 მილიონი კვტ.სთ. ელექტროენერგიის გამომუშავება.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას თანახმად, „ენგურჰესის“ გასაჩერებლად შეარჩიეს ოპტიმალური პერიოდი, როცა ჰესში წყლის რესურსი მინიმალურია, პროექტი კი განხორციელდება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში, რათა ჰესი 1 მაისიდან ამუშავდეს.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, „ენგურჰესის“ გაჩერების გამო შემუშავდა სპეციალური სქემა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ენერგოსისტემის განმხოლოებას აფხაზეთის ქსელის ელექტრომომარაგებისგან: „საქართველოს ენერგოსისტემა უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აღნიშნული სქემის მიხედვით განაგრძობს მუშაობას“. რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, მისი ენერგომომარაგება რუსეთიდან მოხდება.

საქართველოს ენერგომომარაგებაში „ენგურჰესის“ წილი 35%-ზე მეტს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG