Accessibility links

logo-print logo-print

ცნობილია Covid-19-ის ვაქცინაციის დანერგვის გეგმა


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ, საზოგადოებას Covid-19-ის ვაქცინაციის გეგმა გააცნო. პრეზენტაცია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სახელმწიფო გამართა. მას ვაქცინაციის დაწყების კონკრეტულ თარიღებზე არ უსაუბრია.

ამ დრომდეც ცნობილი იყო, რომ საქართველოში წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტის აცრა იგეგმება. მათ შორის, გათვლილია, რომ პროცენტულად ყველაზე დიდი წილი (65%) სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იქნებიან.

"ყველაზე მაღალი რისკი სამიზნე ჯგუფი არის ჯანდაცვის სექტორის მუშაკები. მოცვის მაჩვენებელია 65%. აქ არის დაშვება იმისა, რომ რიგ შემთხვევაში ჯანდაცვის პროფესიონალი სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს ან ექნება რაიმე თანმხლები მდგომარეობა, როცა ვაქცინაცია არ იყო ნაჩვენები [მიზანშეწოლნილი]", - თქვა გაბუნიამ.

პრეზენტაციის მიხედვით, დასახული მიზნის მისაღწევად 2021 წელს ქვეყანას დაჭირდება დაახლოებით 3,979,300 დოზა (იმუნიზაციისთვის დადგენილი დანაკარგების გათვალისწინებით).

როგორ და სად მოხდება ვაქცინაცია

"გასათვალისწინებელია აქ ის, რომ -80-გრადუსიან ვაქცინას სჭირდება მეტად კომპლექსური "ცივი ჯაჭვი" და მისი მიწოდება-მიტანა რაიონულ დონეზე გაჭირდება. ამდენად, ჩვენი მიზანია ამ ტიპის ვაქცინაცია განხორციელდეს დიდ საავადმყოფოებში სამ ქალაქში, თბილისში, ბათუმში და ქუთაისში... შემდეგ უკვე, როცა გადავალთ 2-დან 8 გრადუსამდე [შენახვის მქონე ვაქცინებზე], ეს უკვე მიუახლოვდება რუტინულ ვაქცინაციას, რაც არის აწყობილი როგორც რეგიონულ, ისე რაიონულ დონეზე", - თქვა გაბუნიამ.

მისი თქმით, განიხილება "მობილური ბრიგადების" ჩართვაც, რომელიც იმ პაციენტებს მოემსახურებიან, რომლებიც არიან "ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში".

საინფორმაციო სისტემა

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში უკვე არსებობს საინფორმაციო მოდული, რომლის გადაწყობას კოვიდის ვაქცინაციისთვის იგეგემება. ამ სისტემის საშუალებით მოქალაქეს ექნება რეგისტრაციის შესაძლებლობა.

"იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ზუსტი სურათი იმისთვის, რომ გვქონდეს ზუსტი სურათი, ვინ ჩაერთვება პირველ ეტაპზე ვაქცინაციაში", - თქვა მან.

ქვეყნის მზარობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ქვეყანა მზად არის იმუნიზაციისთვის. მისი პრეზენტაციის მიხედვით:

  • მომზადებულია ვაქცინის დანერგვის დეტალური გეგმა შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით;
  • ქვეყანა რეგისტრირებულია კოვაქსის პლატფორმაზე და გადახდილი აქვს პირველი შენატანი 1.4 მილიონ დოზის მისაღებად მოსახლეობის 20%-სთვის;
  • ქვეყანას აქვს გამართული რუტინული იმუნიზაციის სისტემა შესაბამისი ცივი ჯაჭვით.

ხარჯი

იმიუნიზაციისთვის მინიმუმ 64,3 მლნ ლარია გათვალისწინებული, მაქსიმუმ კი 158,2 მლნ ლარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG