Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოში ვიზიტს გეგმავს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი


მომავალ კვირაში რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და საქართველოს ეწვევა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი. ამის შესახებ ირანული სააგენტო Mehr-ი იუწყება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლების პროექტ "ეხო კავკაზა"-ს უთხრეს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს დაგეგმილი აქვს რეგიონული ტურნე, რომლის ფარგლებში საქართველოს ეწვევა და ვიზიტის დეტალებზე მუშაობა მიმდინარეობს დიპლომატიური არხებით.

ზარიფის განცხადებით, აპირებს ჩასვლას ქვეყნებში, რომლებსაც შეუძლიათ ერთობლივი მუშაობით ხელი შეუწყონ მთიანი ყარაბაღის კრიზისის მოგვარებას და რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, ეს საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჩავუშოღლუსთანაც.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ინფორმაციით, რუსეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვი და მოჰამად ჯავად ზარიფი 26 იანვარს, მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაზე სხვა საერთაშორისო საკითხებთან ერთად განიხილავენ მთიანი ყარაბაღის გარშემო შექმნილ სიტუაციასაც.

20 იანვარს, რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, რაშიდ ნურგალიევმა „როსიისკაია გაზეტა“-ს განუცხადა, რომ მთიან ყარაბაღში სიტუაციის მოგვარების პრიორიტეტებად განსაზღვრულია სომხეთის და აზერბაიჯანის ინტერესების შესაბამისად, სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა. ნურგალიევის თანახმად, საერთაშორისო ტრანზიტის განვითარების მიზნით, ამ კომუნიკაციებით სარგებლობა შეუძლიათ რუსეთს, ირანს, თურქეთს და საქართველოს, ეს კი შექმნის ყარაბაღის კონფლიქტის ყოვლისმომცველი გადაწყვეტის ფუნდამენტურ წინაპირობებს.

2020 წლის დეკემბერში, ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრისას თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა გამოთქვა ინიციატივა, რომ რეგიონის განვითარებისთვის შეიქმნას "ექვსთა პლატფორმა" აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ირანის, საქართველოს და სომხეთის მონაწილეობით.

2020 წლის ნოემბერში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა 90-იან წლებში დაკარგული რაიონების ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG