Accessibility links

logo-print logo-print

ჯერ გახსნეს, შემდეგ ჩაიბარებენ - ბათუმის 145-მილიონიანი სტადიონის მინდორი ხელახლა იცვლება


ბათუმის ახალი, UEFA-ას IV კატეგორიის, საფეხბურთო სტადიონი, რომლის საზეიმოდ გახსნას შარშან, არჩევნების წინ, პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერიც კი ესწრებოდნენ, დღემდე არაა ჩაბარებული. სტადიონზე, რომელიც 2 წელიწადი შენდებოდა, ბიუჯეტიდან თითქმის 145 მილიონი ლარი დაიხარჯა.

გახსნიდან მალევე 20 ათას მაყურებელზე გათვლილ სტადიონზე ბათუმის დინამომ ორი მატჩი ითამაშა, ამის შემდეგ კი სტადიონი დაიხურა. მიზეზი დაზიანებული მინდვრის საფარი გახდა, რომლიც ახლა მთლიანად იცვლება. სტადიონის ბუნებრივ მინდორს ჰიბრიდულით ანაცვლებს მშენებელი კომპანია „ანაგი“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თორნიკე კუჭავა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სტადიონზე კომპანიამ საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული საფარი დააგო, მაგრამ მინდორი გადაუღებელმა წვიმებმა გააფუჭა. “ანაგთან” გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით, კომპანია ვალდებულია ხარვეზი თავად გამოასწოროს:

“დაგებისთანავე დაემთხვა ორკვირიანი გადაბმული წვიმები, ამ კლიმატურმა პირობებმა კი გამოიწვია ის, რომ საფარი დაზიანდა. ხელშეკრულების პირობების თანახმად და, ასევე, პასუხისმგებლიანი კომპანიის გათვალისწინებით, შემოგვთავაზეს ახალი ტიპის საფარი, რომელიც გატესტილია ყველა დიდი საფეხბურთო კლუბების სტადიონებზე“, - ამბობს თორნიკე კუჭავა.

ჰიბრიდული მინდვრის საფარს ბათუმის სტადიონზე „ანაგი“ საკუთარი სახსრებით ცვლის. იმას, კონკრეტულად რა უჯდება კომპანიას ეს დამატებითი სამუშაო, არ აკონკრეტებენ, მაგრამ თანხა, რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს.

„თამაშები ჩატარდა ნოემბერში, ზამთრის პერიოდში, და ძალიან ახლო, ხუთდღიანი ინტერვალით, როცა ბალახი ახალი გამოთესილია, შესაბამისად, ის ვითარება, რაც შეიქმნა, ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი დანარჩენი სტადიონის ტესტირებაც“, - ამბობს კომპანია “ანაგის” პროექტების მმართველი გოგა გუგავა.

“ანაგში” გვითხრეს, რომ მინდვრის ახალი ჰიბრიდული ულტრათანამედროვე ზედაპირი ბათუმის კლიმატურ პირობებს გაუძლებს. ახალ საფარს სტადიონზე ბრიტანული კომპანია SIS PITCHES-ი დააგებს.

ბათუმის სტადიონი სახელმწიფო საკუთრებაშია. მას „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ მართავს, სადაც კომენტარს არ აკეთებენ. კომპანიის ხელმძღვანელი ბაქარ ჩიტაია, მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუ შეთანხმებული იყო, რადიო თავისუფლების ზარებს, ორი დღეა, არ უპასუხებს. ამიტომ კითხვები, რატომ დაიგეგმა ორი მატჩი ახლად ამოსულ საფარზე, რაც, კომპანია „ანაგის“ წარმომადგენლის მტკიცებით, დაზიანების ერთ-ერთი მიზეზი გახდა, და რატომ თავიდანვე არ გაითვალისწინეს ბათუმის კლიმატური პირობები, უპასუხოდ რჩება.

ბათუმის ახალი სტადიონი
ბათუმის ახალი სტადიონი

რადიო თავისუფლებას არც დახურული სტადიონის მინდვრის ახლანდელი მდგომარეობის გადაღების უფლება მისცეს.

ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონის ბუნებრივი ბალახის ზრდისთვის ხელოვნური მზის განათების შესყიდვაზე „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ ტენდერი ახლახან გამოაცხადა. მისი ღირებულება 1 640 000 ლარია. ტენდერი თებერვალში უნდა დასრულდეს, გაზაფხულზე კი კომპანია „ანაგი“ მინდვრის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მთლიანად დასრულებას ვარაუდობს, რის შემდეგაც საზეიმოდ გახსნილ სტადიონს სახელმწიფო ჩაიბარებს.

გაზაფხულზე ბათუმის ახალმა სტადიონმა საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშებს უნდა უმასპინძლოს, 2023 წელს კი ბათუმის სტადიონზე 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაა დაგეგმილი.

მასალაში შეტანილია ცვლილება: მექანიკური შეცდომის გამო თავდაპირველ ტექსტში სათაურსა და პირველ აბზაცში სტადიონის რეკონსტრუქციის ღირებულებად მითითებული იყო 45 მილიონი ლარი, 145-ს ნაცვლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG