Accessibility links

logo-print logo-print

სალომე ზურაბიშვილი: დადგა დრო, რომ ალიანსმა აჩვენოს უფრო მეტი სოლიდარობა და მეტი გამბედობა


საქართველო, როგორც არასოდეს, ისეა მზად იმისათვის, რომ გააძლიეროს ძალისხმევა და საქმიანობა ალიანში ქვეყნის გაწევრიანებისათვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 იანვარს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ონლაინ პრესკონფერენციაზე.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველო რეფორმებითა და არჩევნების გზით განაგრძობს დემოკრატიის კონსოლიდირებას, ახალი გამოწვევების მიუხედავად ადასტურებს თავის სიმტკიცეს და ერთგულებას ინტეგრაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად. „დადგა დრო, რომ ალიანსმა აჩვენოს უფრო მეტი სოლიდარობა და მეტი გამბედობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იენს სტოლტენბერგმა საქართველოს უწოდა ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და ყურადღება გაამახვილა ასევე გასულ წელს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაფართოებაზე, რაც ეხმარება საქართველოს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაში.

„ჩვენ, ასევე, განვიხილეთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველო ახორციელებს რეფორმების მიმართულებით. ეს არის გადამწყვეტი, იმიტომ, რომ რეფორმების მხრივ მიღწეული პროგრესი უფრო გვაახლოებს ერთიან მიზანთან - ნატოს წევრობასთან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.

ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრამდე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის. ასევე, ევროკომისარს იუსტიციის საკითხებში, დიდიე რეინდერსს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG