Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა კარავი დადგეს


ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, ქუთაისის მერიის შენობის მიმდებარედ, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში სამოქალაქო აქტივისტებმა კარავი გაშალეს.

მანამდე კი აქცია მოაწყვეს მერიასთან, რომელსაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქცია და კარვის გაშლა სამართალდდამცავთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მობილიზების ფონზე მიმდინარეობდა. სამართალდამცველები იცავდნენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას და მიმდებარე ტერიტორიას.

„ქართველი ხალხი არ იმსახურებს ასეთ გარემოს, არ შევეგუებით გაყალბებულ არჩევნებს და არ ვაპირებთ დიქტატურაში ცხოვრებას. თბილისის, ბათუმის, თელავის და ზუგდიდის შემდეგ ქუთაისში იდგმება კარავი, რომელიც საპროტესტო მუხტს აამაღლებს“, - განაცხადა მოძრაობის „საქართველოსთვის“ აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.

„პოლიტიკური პროცესი, ისევე როგორც საქართველოში, ქუთაისშიც ჩიხშია შესული, საკრებულოც ერთპარტიულად აგრძელებს მუშაობას, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და დღეს აქ მობილიზებული სამართალდამცველთა რაოდენობა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ეშინია ხალხის პროტესტის და ეს პროტესტი აუცილებლად მოიტანს შედეგს, რადგან აქამდე არც ერთ უზურპატორს გაუმარჯვია საკუთარ ხალხზე და საქართველო არ იქნება გამონაკლისი“, - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიგა შუშანია.

მოძრაობის „საქართველოსთვის“ წევრებისა და აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტი გრძელვადიანია და არ დასრულდება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს მასში მონაწილე ყველა ოპოზიციური პარტია. მათ საერთო ჯამში მიიღეს 150-დან 60 მანდატი. ოპოზიციიდან არჩეული დეპუტატების უმრავლესობამ მანდატზე უარი თქვა.

ამ დრომდე, მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციიდან საქმიანობს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის ოთხი წევრი, რომლებმაც პოლიტიკური გაერთიანება "ევროპელი სოციალისტები" შექმნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG