Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულმა კომპანიამ, გორის მერიის ნებართვით, შინდისის გმირების სახელობის გამზირის სამისამართო აბრები შეცდომებით დაამზადა


გორში შინდისის გმირების გამზირზე მცხოვრებლებმა ერთ დღეს კორპუსებსა და სახლებზე მიკრული ახალი სამისამართო აბრები აღმოაჩინეს. დააკვირდნენ და მიხვდნენ, რომ ქუჩის სახელი შეცდომით ეწერა და გამზირის ნაცვლად გზატკეცილის შემოკლებული ფორმა - გზატკ. - დაეტანათ.

სამისამართო აბრების ქვეშ კი ერთ-ერთი რუსული ტაქსოკომპანიის რეკლამაც იყო განთავსებული. შინდისის გმირების გამზირზე მცხოვრებლებმა ამის გამო პროტესტი გამოთქვეს.

გამზირზე მცხოვრები მოქალაქეების პროტესტს მალევე შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვასილისა ჯაბახიძე მიიჩნევს, რომ გორის მერმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს, რადგან რუსულ კომპანიას შინდისის გმირების გამზირის სამისამართო აბრების დამზადების უფლება მისცა და არც უნახავს, ადგილზე რა გააკრეს.

გორის ერთ-ერთ ყველაზე გრძელ გამზირს, ამჟამად შინდისის გმირების გამზირს, სახელი რამდენიმე წლის წინ შეეცვალა. მანამდე ამ ქუჩას შინდისის გზატკეცილი ერქვა. წინა მოწვევის საკრებულოში ქუჩის სახელის შეცვლის ინიციატივით საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი გამოვიდა. მოგვიანებით საკრებულომ იმსჯელა და შინდისის გზატკეცილს შინდისის გმირების გამზირი უწოდა, თუმცა თედლიაშვილს გული იმაზე სწყდება, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უშეცდომო და ნორმალური აბრების განთავსებაც ვერ უზრუნველყო. თედლიაშვილი მოითხოვს, რომ მერიამ შეცდომები სასწრაფოდ გაასწოროს.

გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს, როგორც ჩანს, დიდი ხანია, კომბინატის დასახლებაში, შინდისის გმირების გამზირზე, აღარ გაუვლია, რადგან მან არ იცის, იქ რა სამისამართო ბანერებია გაკრული. ამბობს, რომ მოიკითხავს და გაერკვევა.

გორის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ალექსანდრე თარხნიშვილი კი აცხადებს, რომ მერიას სამისამართო აბრებზე ბიუჯეტიდან ფული არ დაუხარჯავს, მიიღო კომპანიისგან შეთავაზება და ისე, რომ მისი წარმომავლობით არ დაინტერესებულა, ნებართვა გასცა.

სამოქალაქო აქტივისტები და წინა მოწვევის საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ სამისამართო აბრებზე წარწერები შეცდომითაა დატანილი და აუცილებლად უნდა გასწორდეს. გორის მერია აბრების განმთავსებელ რუსული ტაქსის კომპანიას ამ შეცდომების გასასწორებლად დროს მისცემს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბანერებს თავადვე ჩამოხსნის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG