Accessibility links

site logo site logo

ნამახვანის ჰესების სამშენებლო ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული


რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის სამშენებლო ტერიტორიაზე, 30 იანვრის დილიდან პოლიციაა მობილიზებული. პოლიციის თანამშრომლები კაშხლის მშენებლობის ადგილიდან, ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ რამდენიმე თვის წინ აღმართული ჯვრის აღებას გეგმავენ.

რიონის ხეობის მცხოვრებლების ინფორმაციით, პოლიციამ მათ განუმარტა, რომ კარავი და ჯვარი ინვესტორი კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზეა.

ადგილიდან გავრცელებული ინფორმაციით, ჯვართან მისასვლელ გზაზე პოლიციის თანამშრომლებმა შლაგბაუმი დადგეს.


რიონის ხეობის სოფლების მოსახლეობის ნაწილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგია. ისინი ითხოვენ კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ რიონის ხეობა დატოვოს, ტექნიკა სრულად გაიყვანოს და პროექტის განხორციელებაზე უარი ითქვას. მშენებლობის ნებართვების გასაუქმებლად აქციის ორგანიზატორები სასამართლოშიც დავობენ. 90 დღეზე მეტია ადგილობრივები უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ.

ხეობაში ხმაურის პარალელურად, განცხადებას ავრცელებს ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა რინიუებლზი“.

მათი განცხადებით, კომპანიას ქვემო ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია, რომელიც გაცემულია შესაბამისი უწყებების მიერ, წარდგენილი კვლევების, საჯარო განხილვებისა და ყველა საჭირო დუკუმენტის საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური შესწავლის საფუძველზე. მათივე განცხადებით, პროექტი ხორციელდება უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით და ამბობენ, რომ პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა, დაუშვებელია:

„კომპანია ENKA-მ პროექტის დაწყებისთანავე არაერთხელ ჩაატარა შეხვედრები ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და მათი პოზიციის გათვალისწინების მიზნით. ასევე, მუდმივად გამოხატავდა მზაობას ნეგატიურად განწყობილ ჯგუფებთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც სამწუხაროდ, მათივე რადიკალური პოზიციის გამო, არ შედგა. ეს პოზიცია კიდევ ერთხელ დაფიქსირდა გასული დღეების შეხვედრებისას, სადაც ნათლად გამოიკვეთა, რომ ყოველგვარი კითხვები და აპელირება უცნობი ექსპერტების მოსაზრებებზე მხოლოდ და მხოლოდ პროექტის შეფერხებისა და გაჩერების საბაბს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, კომპანია კვლავ რჩება ერთგული თავისი პოზიციისა და განცხადებისა, რომ მზადაა ჩაერთოს ნებისმიერ კონსტრუქციულ დიალოგში და მოისმინოს ნებისმიერი შენიშვნა წარდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით.

კომპანიის აღნიშნული მზაობის მიუხედავად, საკითხის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობის და გონივრული ვადით შეჩერების შემდეგაც კი, ENKA-მ დღემდე ვერ შეძლო საქმიანობის განახლება. შედეგად, კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე კვლავაც განთავსებულია მოწინააღმდეგეთა კარვები და სხვადასხვა აქტივისტები აქტიურად ცდილობენ კომპანიის დისკრედიტაციას და პროცესის განახლების ხელშეშლას.

შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ სათანადო უწყებებს კანონით გათვალისწინებული მხარდაჭერის მიღებისთვის და მივესალმებით მათი მხრიდან დაკისრებული მოვალეობის შესრულების ფაქტს. პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა მიუღებელია, რადგან ეს დაკავშირებულია სოლიდურ მატერიალურ ზიანთან, რომ არაფერი ვთქვათ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის მიმართ ნდობის დაკარგვის რისკზე და სამომავლო იურიდიულ გართულებებზე“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო. ადგილობრივთა ნაწილი რამდენიმე თვეა დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობს სოფელ ჟონეთში, რიონის კალაპოტთან ჰესის მშენებლობის შეწყვეტისა და ტერიტორიიდან კომპანია „ენკა რინიუებლზის“ სამშენებლო ტექნიკის გატანის მოთხოვნით.

გაიმართა ხალხმრავალი აქციებიც. 14 ნოემბერს გამართული აქცია, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა ქუთაისისა და ლეჩხუმის მხარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაკეტეს, პოლიციამ ძალით, მიწოლით დაშალა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კომპანიის მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) მიხედვით, მხოლოდ ქვემო ნამახვანის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი რაოდენობის მიწის დაკარგვას გამოიწვევს და ამის მიზეზი 610 ჰა სარკის ზედაპირის მქონე წყალსაცავის მოწყობა იქნება.

მათივე ინფორმაციით, დატბორვის გამო ფიზიკური განსახლება ემუქრება 100 ოჯახს, ხოლო პროექტის არაპირდაპირ ზეგავლენას კიდევ უფრო მეტი ოჯახი გამოცდის საკუთარ თავზე. ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ჰესის აშენებას თან ახლავს სერიოზული სეისმური საფრთხეც და მოჰყავთ ექსპერტების შეფასება, რომლის თანახმად, ნამახვანის და ტვიშის კაშხლების კასკადი 5 მაგნიტუდის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG