Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურნავა: ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანიამ კანონიერად განაახლა საქმიანობა


ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ეხმაურება რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის სამშენებლო ტერიტორიაზე, ადგილობრივების პროტესტს და აცხადებს, რომ 30 იანვარს, ჰესის ინვესტორმა კომპანიამ კანონიერად, ყველა სანებართვო მოთხოვნის დაცვით განაახლა საქმიანობა:

„ნამახვანი ჰესი, ისევე როგორც ნებისმიერი ჰესი, რომელიც შენდება საქართველოში, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია. ჩვენ გვაქვს ყველა შანსი იმისა, რომ ვიყოთ ელექტროენერგიის ექსპორტიორი და ძლიერი ქვეყანა, რომელიც ამაყობს თავისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობით. საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგია უმეტესად „მწვანეა“, რომელიც ჩვენი ეროვნული სიმდიდრიდან - წყლიდან გამომუშავდება. ნამახვანი ჰესი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ყოველთვის იყო მხარდაჭერილი სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მკაცრ მოთხოვნებს არ ვუყენებთ პროექტის ინვესტორს. პრაქტიკულად 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა კვლევა, მათ შორის, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და სხვა. შედეგად, ნამახვანი ჰესის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე კარგად დამუშავებული და უსაფრთხოა. არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეისწავლა და დაადასტურა, რომ იგივე გეოლოგიური თვალსაზრისით, ნამახვანი ჰესი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა სეისმოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე“.

დილიდან ხმაურია რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის სამშენებლო ტერიტორიაზე. ადგილობრივი მოსახლეობა სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულიაპოლიციაც.

ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო. ადგილობრივთა ნაწილი რამდენიმე თვეა დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობს სოფელ ჟონეთში, რიონის კალაპოტთან ჰესის მშენებლობის შეწყვეტისა და ტერიტორიიდან კომპანია „ენკა რინიუებლზის“ სამშენებლო ტექნიკის გატანის მოთხოვნით.

გაიმართა ხალხმრავალი აქციებიც. 14 ნოემბერს გამართული აქცია, რა დროსაც მისმა მონაწილეებმა ქუთაისისა და ლეჩხუმის მხარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაკეტეს, პოლიციამ ძალით, მიწოლით დაშალა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კომპანიის მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) მიხედვით, მხოლოდ ქვემო ნამახვანის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი რაოდენობის მიწის დაკარგვას გამოიწვევს და ამის მიზეზი 610 ჰა სარკის ზედაპირის მქონე წყალსაცავის მოწყობა იქნება.

მათივე ინფორმაციით, დატბორვის გამო ფიზიკური განსახლება ემუქრება 100 ოჯახს, ხოლო პროექტის არაპირდაპირ ზეგავლენას კიდევ უფრო მეტი ოჯახი გამოცდის საკუთარ თავზე. ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ჰესის აშენებას თან ახლავს სერიოზული სეისმური საფრთხეც და მოჰყავთ ექსპერტების შეფასება, რომლის თანახმად, ნამახვანის და ტვიშის კაშხლების კასკადი 5 მაგნიტუდის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG