Accessibility links

site logo site logo

ტრამპმა იმპიჩმენტის სასამართლო პროცესისთვის ახალი იურიდიული გუნდი შეარჩია მას შემდეგ, რაც ხუთმა წევრმა გუნდი დატოვა


ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ შექმნა იურისტების ახალი ჯგუფი, რომელიც სენატში იმპიჩმენტის საქმის განხილვისას მის ინტერესებს დაიცავს. ბრალდებაზე პასუხის გაცემის ბოლო ვადამდე ცოტა ხანია დარჩენილი. ორმა ადვოკატმა - დევიდ შონმა, იურიდიულ თემებზე ტელეკომენტატორმა, და ბრიუს კასტორმა, ოლქის ყოფილმა პროკურორმა პენსილვანიის შტატში, - 31 იანვარს, გვიან, გამოაცხადა, რომ ტრამპის იურისტთა გუნდში არიან.

ერთი დღით ადრე ადვოკატების თავდაპირველი ჯგუფის ხუთივე წევრი ჩამოშორდა ყოფილ პრეზიდენტს, სტრატეგიულ საკითხებში უთანხმოების გამო.

ტრამპის განცხადებით, დევიდ შონი და ბრიუს კასტორი არიან „ადვოკატები, რომლებიც დიდი პატივისცემით სარგებლობენ" და აქვთ სისხლის სამართლისა და დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება. იმპიჩმენტის პროცესის დასაწყისი 9 თებერვალს არის დაგეგმილი, ხოლო ტრამპის საქმის წინასასამართლო განხილვა - ერთი დღით ადრე. კასტორი მძაფრად გააკრიტიკეს მისი გადაწყვეტილებისთვის არ წაეყენებინა ბრალდება მსახიობ ბილ კოსბისთვის სექსუალურ დანაშაულებათა საქმეში, ხოლო შონი ტრამპის მოკავშირე როჯერ სტოუნის წარმომადგენელი იყო და განაცხადა, რომ იგი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჯეფრი ეპშტეინის იურიდიულ ფირმასთან შეერთების თაობაზე 2019 წელს, სანამ დისკრედიტირებული ამერიკელი ფინანსისტი თავს მოიკლავდა ციხეში. ის საპატიმროში იყო არასრულწლოვან გოგონებთან სექსის მიზნით ტრეფიკინგის ბრალდებით. ორივე ადვოკატმა გამოაქვეყნა განცხადებები, რომ მათთვის პატივია ამ საქმეში მონაწილეობა.

"ჩვენი კონსტიტუციის სიძლიერე გამოიცდება, როგორც არასდროს აქამდე ჩვენი ისტორიის მანძილზე. ის ძლიერია და მოქნილი - დოკუმენტი, რომელიც საუკუნეებისთვის დაიწერა და ის კვლავ და ყოველთვის გაიმარჯვებს პარტიულ მიკერძოებულობაზე“, განაცხადა კასტორმა, რომელიც საოლქო პროკურორად მუშაობდა მონტგომერის ოლქში, ფილადელფიის გარეთ, 2000-დან 2008 წლამდე.

ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესმა "ამბოხის წაქეზების" ბრალდებით, მისი მომხრეების მიერ კაპიტოლიუმზე შტურმის გამო, ტრამპის ერთგულ მხარდამჭერებს, რომლებიც რესპუბლიკურ პარტიაში დომინირებენ, და მის უფრო ზომიერ ფრთას შორის განხეთქილება გამოავლინა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე, 13 იანვარს. წარმომადგენელთა პალატის წევრთა უმრავლესობამ, მათ შორის 10-მა რესპუბლიკელმა, ამბოხებისკენ წაქეზებად შეაფასა 6 იანვარს მხარდამჭერთა მიტინგზე ტრამპის გამოსვლა, რის შემდეგაც მიტინგის ასეულობით მონაწილე კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა და მოითხოვდა, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობისას 5 ადამიანი დაიღუპა. იმპიჩმენტის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმას ხელი შეუწყო დონალდ ტრამპის განცხადებებმა არჩევნების გაყალბების შესახებ.

კონგრესის ქვედა - წარმომადგენელთა - პალატამ პრეზიდენტ ტრამპისთვის ამბოხებისკენ წაქეზების მუხლით გამოცხადებული იმპიჩმენტის დოკუმენტი სენატს 25 იანვარს გადასცა. კონგრესის ზედა პალატა დონალდ ტრამპის ბრალდების საქმის განხილვას 8 თებერვლიდან დაიწყებს.

27 იანვარს, აშშ-ის სენატში ჩატარებული საპროცედურო კენჭისყრის შედეგად, 100 სენატორიდან 55-მა მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის განხილვის დაწყებას. წინააღმდეგი იყო 45. ისინი ყველა რესპუბლიკელები არიან. მომხრეთა შორის 50 დემოკრატი და 5 რესპუბლიკელი სენატორია. ის ფაქტი, რომ რესპუბლიკური პარტიის მხოლოდ 5-მა სენატორმა დაუჭირა მხარი განხილვის დაწყებას, მინიმუმამდე ამცირებს დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის საბოლოოდ გამოცხადების შანსს. რესპუბლიკელმა სენატორებმა განაცხადეს, რომ შეუძლებელია იმპიჩმენტი გამოუცხადონ პრეზიდენტს, რომელიც უკვე აღარ იმყოფება ხელისუფლებაში.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს, უფლებამოსილების ვადა 20 იანვარს ამოეწურა. თუ სენატი უკვე ყოფილ პრეზიდენტს დამნაშავედ ცნობს, ტრამპი ვეღარ ისარგებლებს აშშ-ის პრეზიდენტებისთვის მინიჭებული პრივილეგიებით და მომავალ არჩევნებში კენჭისყრის უფლებით.

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა ორჯერ დაიწყო. 2019 წელს წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს უნდობლობა გამოუცხადა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით. საქმე ეხებოდა ვერსიას, რომ დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი მოწინააღმდეგის - ჯო ბაიდენის - ვაჟის ბიზნესსაქმიანობის გამოძიებას მოითხოვდა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისგან მუქარით, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიევისთვის სამხედრო დახმარებას შეწყვეტდა. პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა სენატმა, სადაც 2019 წელს უმრავლესობაში რესპუბლიკელები იმყოფებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG