Accessibility links

logo-print logo-print

ნათია თურნავა: "ინვესტორს გადაეცა მხოლოდ ის მიწა, სადაც განთავსდება ჰიდრონაგებობები"


საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ გავრცელდა ტყუილი, თითქოს, ნამოხვანჰესის ინვესტორებს მთელი ხეობა გადაეცათ.

„ტყუილია, რომ თითქოს მთელი ხეობა გადაცემული აქვთ ინვესტორებს და თითქოს ზურგზე მოიკიდებენ ისინი ამ მიწა-წყალს და წაიღებენ სადღაც. ჯერ ერთი, ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში ალბათ საჭირო არ არის იმის ახსნა, თუ რა სიკეთე მოაქვს უცხოელ ინვესტორს და უცხოურ ინვესტიციას. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი საუკეთესო საინვესტიციო გარემოთი სწორედ იმის გამო, რომ ყველაფერს ვაკეთებთ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, ტოლერანტულები ვართ სხვადასხვა ქვეყნის უცხოელი ინვესტორის მიმართ. ამ ტრადიციას კი არასოდეს დავარღვევთ, რაოდენ ცალკეული გამოვლინებებიც არ უნდა იყოს ამის საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება თვითონ მიწის გადაცემის პირობებს, ინვესტორს გადაეცა მხოლოდ და მხოლოდ ის მიწა, სადაც იქნება განთავსებული თვითონ ჰიდრონაგებობები, ეს არის საკმაოდ გრძელი გვირაბი, ეს არის დიდი ტევადობის წყალსაცავი, შენობა, სადაც აგრეგატები განთავსდება, სადერივაციო გვირაბი. ამას დიდი მიწა სჭირდება, მაგრამ არა მთლიანად ხეობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ, რომლის თქმითაც, უფასოდ არავის არაფერი არ მიუღია:

„გადაეცათ 800 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ. მათ უკვე 30 მილიონ ლარამდე გადაიხადეს კომპენსაციების სახით და აუნაზღაურეს ეს კომპენსაციები სწორედ ადგილობრივ მოსახლეობას, 280-მდე ოჯახს. ზოგმა კომპენსაცია მიიღო თავისი საკუთრებაში არსებული მიწის სანაცვლოდ, ზოგმა კი მიიღო კომპენსაცია იმის გამო, რომ უბრალოდ ამუშავებდა მიწას, რომელიც მათ არც კი ეკუთვნოდათ. რომ არა ინვესტორი და „ნამახვანი“, მათ ამის პერსპექტივა საერთოდ არ ექნებოდათ. აქედან გამომდინარე, გადაჭარბებულია საუბარი იმაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება“.

სოფელ ნამოხვანში ნამახვანი ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოსდამცველი ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან.

ადგილობრივები ქვემო ნამახვანის კაშხლის მშენებლობის უკანონო პროცესის შეჩერებას და საკითხის საჯარო და დემოკრატიულ განხილვას ითხოვენ.

„რიონის ხეობის მოსახლეობის უპრეცედენტო თვითორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობა ას დღეზე მეტია გრძელდება. მოსახლეობის მშვიდობიან პროტესტს რაც ნამახვანი ჰესის პროექტის არსებით საჯარო განხილვას და მასში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის რეალური მექანიზმების შემუშავებას მოითხოვს, სახელმწიფო და კომპანია მთელი ამ დროის განმავლობაში არ პასუხობენ. მეტიც, მოსახლეობისთვის სამართლიანი და დემოკრატიული განხილვის პროცესის შეთავაზების ნაცვლად სახელმწიფომ პროტესტის მონაწილეების მიმართ არაერთხელ გამოიყენა არაპროპორციული საპოლიციო ძალა. დაახლოებით ერთი კვირის წინ პოლიციამ დაშალა აქციის მონაწილეების კარავი და ადგილობრივებს ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ უწევთ უწყვეტი პროტესტის გაგრძელება“, - ნათქვამია ორგანიზაცია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG