Accessibility links

site logo site logo

განახლდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა დანიის სექტორში


საერთაშორისო კონსორციუმმა, რომელიც სადავოდ ქცეული რუსული გაზსადენის პროექტის უკან დგას, 5 თებერვლიდან განაახლა დანიის წყლებში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის გაყვანა.

აღნიშნული გაზსადენით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. მაგრამ გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა 2020 წელს შეჩერდა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად.

აშშ აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კიდევ უფრო გაზრდის რუსეთზე ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და შემოსავლებს დააკარგვინებს უკრაინას, რომლის ტერიტორიაზე გამავალი ძველი გაზსადენითაც იღებს ევროპა ბუნებრივ აირს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ევროპისათვის ცუდი გარიგება“ უწოდა „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს.
რუსეთის გიგანტი სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ მიერ კონტროლირებადი გაზსადენის მშენებლობის დასრულებისათვის საჭიროა მილების გაყვანა 150 კილომეტრის მონაკვეთზე, რომელიც დანიისა და გერმანიის წყლებზე გადის.

საერთაშორისო კრიტიკის პასუხად, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბერლინი კვლავაც უჭერს მხარს გაზსადენის მშენებლობას, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ანტისამთავრობო აქციების მონაწილეების მიმართ განხორციელებული რეპრესიებისა და მოსკოვიდან ევროპელი, მათ შორის, გერმანელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილების მიუხედავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG