Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარია კალესნიკავას ბელარუსის რეჟიმი ადანაშაულებს ხელისუფლების ხელში ჩაგდების განზრახვაში


მარია კალესნიკავა
მარია კალესნიკავა

ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, მარია კალესნიკავასა და მის თანამებრძოლს, მაქსიმ ზნაკს, ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტი ბრალს დებს ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებასა და ექსტრემისტული დაჯგუფების ხელმძღვანელობაში.

ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური იუწყება ვიქტარ ბაბარიკას ოფიციალური არხისა და განსასჯელების ადვოკატის დმიტრი ლაევსკის ინფორმაციაზე დაყრდნობით. ორივე ბრალდება მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნება და 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კალესნიკავა და ზნაკი დააპატიმრეს 2020 წლის სექტემბერში და ბრალად დასდეს ქმედება, რომლისკენაც ისინი ხალხს მოუწოდებდნენ მედიით და ინტერნეტით და რომელიც, ბელარუსის ხელისუფლების თანახმად, ზიანს აყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას.

ოქტომბრის ბოლოს მარია კალესინიკავას და მასთან ერთად ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის ოთხ წევრს ევროპარლამენტმა 2020 წლის სახაროვის პრემია მიანიჭა.

ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში ბელარუსში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა, დაპატიმრებულია ათი ათასზე მეტი ადამიანი.

ლუკაშენკა, რომელიც 1994 წლიდანაა ხელისუფლების სათავეში, აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებშიც გამარჯვებულად გამოცხადდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. ოპოზიცია აცხადებს, რომ კენჭისყრა ლუკაშენკას სასარგებლოდ გააყალბეს და რომ გაიმარჯვა მათმა კანდიდატმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ.

აშშ და ევროპის კავშირი არ აღიარებენ ლუკაშენკას გამარჯვებას.

6 ნოემბერს ევროკავშირმა პერსონალური სანქციები დაუწესა ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და მის შვილს.

მათ გარდა, სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდა 14 მოხელე, რომლებსაც ევროკავშირი მიიჩნევს მონაწილედ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაში. მათ შორის არიან ლუკაშენკას პრესმდივანი ნატალია ეისმონტი, ადმინისტრაციის უფროსი იგორ სერგიენკო და უშიშროების უფროსი ივან ტერტელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG