Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟიგიმანტას პავილიონისი: გინდათ მომავალი დაკარგოთ? თუ არ გაერთიანდებით, ძვირ ფასს გადაიხდით


ლიეტუვის სეიმის წევრმი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი
ლიეტუვის სეიმის წევრმი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი

"ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ მხარეებს შორის ხიდების აგებას, იმედი მაქვს, ეს გამოგვივა. ბევრი პოზიციური სიგნალი მივიღე ოპოზიციისგან, ვინც ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს და იმედი მაქვს, მივიღებთ ხელისუფლებისგანაც ასეთ სიგნალებს, ისინი იპოვიან დიალოგისთვის საჭირო კომპრომისს. მე ვშიშობ, რომ საქართველო ღრმად არის წასული ესკალაციის პროცესში. მაგრამ იმედი მაქვს, უკან დასაბრუნებელი გზა ჯერ კიდევ არსებობს - ორჯერ დაფიქრდით, თქვენ გაქვთ ახლა ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა, ვაშინგტონში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, რომელიც უნდა გამოიყენოთ.

თუ საქართველოს მთავრობა შეეცდება, გააძლიეროს ოპოზიციის იზოლაცია, ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ და ვიტყვით სიმართლეს, თუკი დავინახავთ არასწორ მოქმედებებს, ამაზე ვილაპარაკებთ და მთავრობას მოუწევს შესაბამისი ფასის გადახდა. თუმცა, ვიმედოვნებ, აქამდე არ მივალთ და საქართველო დარჩება დემოკრატიის ჩემპიონად [რეგიონში] და გამოიყენებს შესაძლებლობის ფანჯარას, რომელიც მისთვის ისხნება", - თქვა ლიეტუვის სეიმის წევრმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. ის მეორე დღეა საქართველოში იმყოფება და შეხვედრებს მართავს როგორც ოპოზიციასთან, ასევე ხელისუფლებასთან და საუბრობს დიალოგის აუცილებლობასა და მზაობაზე, ჩაერთოს მედიაციის პროცესში.

"მე ვიცი, რომ საქართველოს და ბელარუსის ერთმანეთთან შედარება სენსიტიურად აღიქმება, მაგრამ ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი, თქვენი გადასაწყვეტია, რომელი ქვეყნების გვერდით დაიმკვიდრებთ ადგილს. რამდენიმე საათში გვეცოდინება, რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას, ველოდებით მათგან პოზიტიურ სიგნალებს", - თქვა ჟიგიმანტას პავილიონისმა და დაამატა, რომ საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ ის შეხვედრას გამართავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სურს, მასთან მოლაპარაკების შედეგების შესახებ კარგი ინფორმაცია ჰქონდეს გადასაცემი და შეეძლოს უთხრას, რომ სიტუაციის დეესკალაცია საქართველოში შესაძლებელია.

"მე, როგორც საქართველოს ნამდვილი მეგობარი, არ ვიქნები კმაყოფილი, თუკი არ მომეცემა ამის თქმის საშუალება [რომ საქართველოში მხარეები დიალოგისთვის მზად არიან], მაგრამ შესაძლოა ასეც მოხდეს და ამ შემთხვევაშიც ძალიან მკაფიო ვიქნები", - თქვა პავილიონისმა, რომელმაც პროცესის დასრულებამდე არ ისურვა კომენტარის გაკეთება იმაზე, არსებობს თუ არა კონკრეტული პირობები, რომელიც მოლაპარაკებებისას განიხილება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, თუმცა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, როგორი მნიშვნელოვანია, განსხვავებული აზრებისა და პოზიციის მქონე პოლიტიკოსებს შეეძლოთ ერთად სვლა საერთო მიზნისთვის.

"[ლიეტუვაში] ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომლებსაც გვძულდა კიდეც ერთმანეთი და ახლაც გვძულს, ვიდექით ერთად საერთო და სტრატეგიული მიზნებისთვის. ეს გაკვეთილი საქართველოს ჯერაც სასწავლი აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ისწავლოს. ეს არის ერთადერთი გზა, რომ რუსეთის დიდი იმპერიის წესრიგს არ დაემორჩილოთ.

თქვენ უკვე კარგავთ ტერიტორიებს, გინდათ, რომ მომავალიც დაკარგოთ? თუ არ გაერთიანდებით და ერთად არ იმუშავებთ, დიდი იქნება ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ", - თქვა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

საქართველოში გაღრმავებულ პოლიტიკურ კრიზისსა და მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე საერთაშორისო პარტნიორებმა განცხადებების გაკეთება მას შემდეგ განაახლეს აქტიურად, რაც სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოაცხადა, მოქმედმა პრემიერმა გუნდში აზრთა სხვადასხვაობის გამო მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა და "ქართულმა ოცნებამ" პრემიერის ახალ კანდიდატად მოქმედი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG