Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 მარტს ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს და მომავალ აქციებს აანონსებს


2 მარტს ოპოზიციური პარტიები პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავენ. ოპოზიციური პარტიების გეგმები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ გააჟღერა.

"პარლამენტის შენობის პიკეტირებას ვგეგმავთ იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გაიგოს რეჟიმმა და ამ შენობაში საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოში, სადაც გავრილოვი წამოასკუპეს, კომფორტით ვერ დაჯდეს ვერცერთი გავრილოვის მსახური", - თქვა დეკანოიძემ.

მანვე ისაუბრა ოპოზიციის შემდეგ გეგმებზე:

  • 5 მარტი - იგეგმება მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირება;
  • 9 მარტს - აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან;
  • 11 მარტს - აქცია იგეგმება სასამართლოსთან;
  • 13 მარტს - კიდევ ერთი აქცია იგეგმება პარლამენტთან.

ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები 13:00 საათზე შეიკრიბნენ ფილარმონიასთან, საიდანაც „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ დაიწყო და საქართველოს პარლამენტისკენ გაემართნენ. პოლიტიკური განცხადებები პარლამენტთან დაგეგმილ მიტინგზეც გაკეთდა.

23 თებერვალს, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის შენობის წინ კარავი გაშალეს. გასული ორი დღის განმავლობაში ამ აქციას შეუერთდნენ ზუგდიდის, თელავისა და ბათუმის „კარვების აქციების“ მონაწილეები. ამ ქალაქებში საპროტესტო კარვები გაშლილი ჰქონდათ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, საპოლიციო ძალების მიერ ნიკა მელიას დაკავებამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG