Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაალ უდუმაშვილი: დღევანდელი პიკეტირების აქციით გვინდა ხმა გავაგონოთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს


საქართველოს პარლამენტთან პიკეტირების აქცია დაიწყო. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აქციის მიზანია დეპუტატებისთვის დისკომფორტის შექმნა მშვიდობიანი ფორმით და არა შენობაში შესვლის შეზღუდვა. პოლიცია ოპოზიციის წარმომადგენლებს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქციის მონაწილეები შეეცდებიან ხმა გააგონონ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომლებიც თანამონაწილეები არიან იმ მძიმე ვითარების შექმნისა, რომელიც დღეს ქვეყანაშია:

„სწორედ ისინი არიან როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლები პასუხისმგებელი იმ უმძიმეს ვითარებაზე რომელიც შექმნილია ქვეყანაში, ვინაიდან ისინი არიან ჩვეულებრივი ნოტარიუსები და დეპუტატები, რომლებიც თითოეულ დაძახილზე ხელს სწევენ მორჩილად და არავის არ გააჩნია საკუთარი პრინციპული პოზიცია, რომელიც ერთხელ მაინც ყოფილა გამოხატული. ასე რომ დიახ ყველამ უნდა იცოდეს, ვის ემსახურებიან და რას ემსახურებიან ძირითადად რომ ესენი არიან ძირითადად რუსეთის მსახურები და არა ამ ქვეყნის მსახურები და ბუნებრივია ეს პროტესტი გაგრძელდება და გაგრძელდება ყველა სახელმწიფო დაწესებულებასთან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზაალ უდუმაშვილმა.

მან კომენტარი გააკეთა ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით, 1 მარტს, თბილისში გამართულ შეხვედრაზეც, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდნენ: ზაალ უდუმაშვილის შეფასებით,თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, აზრი ეკარგება იმ წინადადებების განხილვა, რომლებიც მოლაპარაკებების მაგიდაზე დაიდო:

"რა თქმა უნდა, ჩვენ თუ არ დავინახეთ მზაობა ხელისუფლების მხრიდან უახლოეს დღეებში რომ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება, ბუნებრივია სხვა პუნქტების განხილვას უკვე აზრი არ ექნება. ახლა ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რამდენად მზად არის, რომ ჩვენ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომ ოღონდ რომ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან ამისათვის გარკვეული წინაპირობები უნდა შესრულდეს მათ შორის ერთ-ერთი არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება", - უთხრა რადიო თავისუფლებას ზაალ უდუმაშვილმა.

პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქციაზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

პარლამენტის პიკეტირების და ამ დღეებში დაგეგმილი სხვა აქციების გეგმა ოპოზიციამ 26 თებერვალს გამართულ მიტინგზე გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG