Accessibility links

site logo site logo

ტიკარაძის თქმით, დამატებით 200 ათას დოზა ვაქცინაზე კონტრაქტები უკვე ხელმოწერილია


ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ გარდა „კოვაქს პლატფორმასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებისა, საიდანაც ქვეყანამ 700 ათასი ადამიანის ასაცრელი დოზა ვაქცინა უნდა მიიღოს, საქართველოს უკვე დაჯავშნილი აქვს მილიონ 700 ათასი დოზა ვაქცინა იმ მწარმოებლებთან, რომელთა ვაქცინებიც, მკაცრი მარეგულირებლისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას აპრილსა და მაისში ელოდებიან.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინების დაჯავშნილი დოზებიდან, 200 ათას დოზა ვაქცინაზე კონტრაქტები უკვე ხელმოწერილია:

„ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს ვაქცინის ყველა იმ მწარმოებელთან, რომლებიც დღეს უკვე არიან მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან აღიარებულები ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აღიარებულები. ეს ნიშნავს იმას, რომ „ასტრაზენეკას“ და „პფაიზერის“ წარმომადგენლებთან გვაქვს პირდაპირი მოლაპარაკებები და გარდა ამისა, ჩვენ ზუსტად ვიცით, თუ რომელი იქნება ის შემდეგი ვაქცინები, რომლებიც უკვე უახლოეს მომავალში მიიღებენ აღიარებას როგორც მკაცრი მარეგულირებელი ორგანიზაციებიდან ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ, რა თქმა უნდა, მათზე ხელმისაწვდომობა ჩვენ გვიჩნდება, როგორც „კოვაქს პლატფორმაზე“, ისე თავისუფალ გაყიდვებში და ჩვენ ამ მწარმოებლებთანაც გვაქვს უკვე მოლაპარაკებები გარკვეულ დოზებზე. მე შემიძლია დავასახელო ეს დოზები. ერთ-ერთ მწარმოებელთან გვაქვს დაკვეთილი მილიონი დოზა. ასევე გვაქვს მოლაპარაკება სხვა დანარჩენ ორ მწარმოებელთან 100-100 ათას დოზაზე და დამატებით 500 ათას დოზაზე, ანუ „კოვაქს პლატფორმის“ მიღმა, დამატებით გვაქვს დაჯავშნილი მილიონ 700 ათასი დოზა ვაქცინა. მინიშნებით შემოვიფარგლები, ეს არის ის ვაქცინები, რომლებიც მარტის და აპრილის თვეში ელოდებიან რეგისტრაციას და აღიარებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან. 200 ათას დოზაზე, ეს არის ორი სხვადასხვა მწარმოებელი, ჩვენ უკვე გვაქვს ხელმოწერილი კონტრაქტები“.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ელოდება „Johnson & Johnson“-ის მიერ წარმოებული „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და ამერიკული წარმოების ვაქცინა „ნოვავაქსი“.

საქართველოში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში, „კოვაქს პლატფორმის“ გავლით უნდა შემოსულიყო. თუმცა, ვაქცინის შემოტანის თარიღმა ერთი თვით გადაიწია და 5 მარტს გაკეთებული განცხადების თანახმად, „კოვაქს პლატფორმის“ მეშვეობით, საქართველოში “პფაიზერის” წარმოების 29 250 დოზა ვაქცინა 22 მარტს უნდა შემოვიდეს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 22 მარტის კვირაშივე უნდა შემოვიდეს საქართველოში „ასტრაზენეკას“ პირველი, 45 ათასამდე დოზა. რაც შეეხება დანარჩენ დოზებს, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დარჩენილი 130 ათასზე მეტი დოზა საქართველოში ჩამოვა აპრილში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG