Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭყონდიდის ეპისკოპოსის რეზიდენციაში შეკრებილები იშლებიან


დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს ჭყონდიდის ეპისკოპოსის რეზიდენციაში შეკრებილმა სასულიერო პირებმა და მრევლმა. არქიმანდრიტმა ათინოგენმა რადიო თავისუფლებას უთხრა: „შეკეტილები არიან და იყვნენ იქ. ჩვენ წავალთ, დავიშლებით. ღმერთი გვიშველის". სასულიერო პირი ამბობს, რომ მათი მოთხოვნა არის გაფართოებული საეკლესიო კრების გამართვა, სადაც განიხილება მიტროპოლიტ პეტრეს მიერ დაყენებული ბრალდებები.

დაახლოებით ერთი საათის წინ ეპისკოპოსის რეზიდენციიდან გამოსულ მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილს) დახვდნენ შეძახილებით: „წადი!" „წადი!". თავად ეპარქიის ხელმძღვანელმა მათ მიმართა: „ყველა დაინახავს ცოტა ხანში, ვინ არის მართალი... უნდა გაგათავისუფლოთ პროვოკატორი ძმებისგან". შეკრებილები მოითხოვენ ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა დატოვეს ეპარქია.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ამ დროისთვის ეპისკოპოსის რეზიცდენციასთან რჩება პოლიცია.

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში, მას შემდეგ განახლდა, რაც ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეპანემ (კალაიჯიშვილმა) ორი დიაკვანს - კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს ბრძანებით აუკრძალა ნებისმიერ მღვდელმსახურებაში მონაწილეობა. ბრძანების თანახმად, მათ თავად არ ინებეს მიტროპოლიტ სტეფანესთან თანამსახურება.

საბოლოოდ, სასულიერო პირებმა და მრევლმა რეზიდენციის ეზოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში 10-მდე ადამიანი გადავარდა მეორე სართულიდან. ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულის მოაჯირი მას შემდეგ მოწყდა, რაც ეპარქიის შენობიდან კარის გაღების დროს აივანზე მდგომ ხალხს მიაწვნენ. ამ დროს ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი კრებას მართავდა - პროტესტის ნიშნად კი მიტროპოლიტ პეტრეს მხარდამჭერების ნაწილი აივანზე იყო შეკრებილი. მათთან ერთად იდგნენ ჟურნალისტებიც. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტები.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებულთაგან 3 უკვე კლინიკაშია გადაყვანილი, 2 კი ამ წუთებში გადაჰყავთ. პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG