Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა "TV პირველის" ჩანაწერებზე გამოძიებას "კერძო საუბრის ჩაწერის მუხლით" იწყებს 


საქართველოს პროკურატურა "TV პირველის" ეთერით ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბრის გავრცელებიდან მესამე დღეს აცხადებს, რომ გამოძიებას იწყებს "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით". უწყების გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი საუბრის შინაარსთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე.

"საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის ორი ნაწილით დაიწყო:

  • პირველი ნაწილით კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, უნებართვო მოპოვება ან უკანონოდ შენახვა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე;
  • მეორე ნაწილით კი კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

პროკურატურის ამ განცხადებას წინ უსწრებდა "ქართული ოცნების" წევრების, ირაკლი ზარქუასა და მაია ბითაძის კომენტარები, რომელებიც მიიჩნევდნენ, რომ გამოსაძიებელი არა საუბრის შინაარსი, არამედ საუბრის ჩაწერის ფაქტია.

6 მარტს "TV პირველმა" მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, მმართველი პარტიის დამფუძნებლის შვილის, ბერა ივანიშვილისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გაავრცელა. საუბარი სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას შეეხებოდა.

ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი საუბრის შინაარსში დანაშაულის შესაძლო ნიშნებს ხედავენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. "ქართული ოცნება" არ უარყოფს მასში მონაწილე პირების ვინაობას; განმარტავს, რომ ეს არის 2010-2011 წლებში "ქართუს" პრეზიდენტისა და არასრულწლოვანი ბერას სატელეფონო საუბრის მიყურადების შედეგად მოპოვებული ფარული ჩანაწერების ფაბრიკაცია. მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს.

საკითხს ამ დრომდე არ გამოხმაურებია საუბარში მონაწილე ერთ-ერთი პირი - მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG