Accessibility links

site logo site logo

ევროპარლამენტში გაიმართა დებატები საქართველოს პოლიტიკურ კრიზისზე


9 მარტს, ევროპარლამენტის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. დებატების საკითხი საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგში ევროპელი დეპუტატების ინიციატივით შევიდა.

საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, „სამწუხაროდ, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება უკანასკნელი თვეების განმავლობაში სერიოზული შეშფოთების მიზეზს იძლევა მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო. ვითარება შეიცავს საფრთხეს, რომ ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიას.“

ბორელმა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა. „ყველა მხარემ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს კომპრომისზე შეთანხმებაში“, თქვა მან და კრიზისის „ყველა აქტორს“ მოუწოდა, „თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისგან.“

შემდეგ სიტყვა მიეცათ ევროპალამენტარებს.

ციტატები ზოგიერთი გამოსვლიდან:

დევიდ მაკალისტერი, გერმანია

„წინსვლისთვის აუცილებელია შემდეგი: ამბიციური საარჩევნო რეფორმა; კანონის უზენაესობა და სასამართლოს რეფორმა; ასევე პოლიტიზებული სასამართლოს პრობლემის გადაჭრა; პარლამენტში ძალაუფლების განაწილება, მათ შორის - საგამოძიებო კომისიის შექმნა; და, შესაძლებელია, ახალი არჩევნები. ასევე ადგილობრივი არჩევნების მომზადება, რაც მიმდინარე წლის შემოდგომისთვისაა დაგეგმილი.

სვენ მიკსერი, ესტონეთი

„მაშინაც კი, როდესაც პროვოკაციებს პასუხობენ, ხელისუფლებაში მყოფებმა უნდა შეინარჩუნონ ცივი გონება და არ იმოქმედონ არაპროპორციულად, ისე რომ კიდევ უფრო გააღვივონ სიტუაცია... ვფიქრობ, ექვსი პუნქტი, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ, სისტემურად და კომპლექსურად უნდა გადაიჭრას... ეს ეხება საარჩევნო რეფორმებს, სასამართლოს რეფორმას და მოსამართლეთა დანიშვნებს“.

პეტრას აუშტრევიჩიუსი, ლიეტუვა

„კონფლიქტის არცერთმა მხარემ არ უნდა გაიგოს [ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის] ექვსპუნქტიანი გეგმა - მათ შორის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა - კარტ ბლანშად. ასეთი მწვავე პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მოითხოვს ჩართულობას, კომპრომისს, ურთიერთპატივიცემას და მიღწეული შეთანხმებების სრულ ერთგულებას ორივე მხარეს.“

მარკეტა გრეგოროვა, ჩეხეთის რესპუბლიკა

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ კვლავ შეგვიძლია დახმარება და საქართველო კვლავ გააგრძელებს სწორი მიმართულებით სვლას... მაგრამ საამისოდ მეტი დახმარება უნდა გავწიოთ.“

ანა ფოტიგა, პოლონეთი

„მე ათწლეულების განმავლობაში ვუჭერდი მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ვაგრძელებ ამას. მაგრამ მოვიდა დრო, გამოვხატო ჩემი უღრმესი შეშფოთება... ცუდი ამბების კულმინაცია იყო არჩევნების შემდგომი პერიოდის მოვლენები და ოპოზიციის შტაბბინის შტურმი და ლიდერის დაპატიმრება.“

ფაბიო მასიმო კასტალდო, იტალია

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიტიკურ ნიადაგზე დაპატიმრებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ნიკა მელია.“

ნიკოლაე სტეფანუტა, რუმინეთი

„ქართველები ვეღარ გააგრძელებენ ნამდვილ დემოკრატიასა და იმიტირებულ დემოკრატიას შორის დგომას. ძალადობრივი შეტაკებები, გადაჭარბებული ძალის გამოყენება და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება მიუღებელია.“

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, გერმანია

„ეს ქაოსი ორივე ბანაკის პოლიტიკოსების ბრალია. ისინი საკუთარ „ეგოს“ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ და პოლარიზაციას ანიჭებენ უპირატესობას თანამშრომლობასთან შედარებით... ორივე ზიანის მომტანმა ჩრდილოვანმა მოქმედმა პირმა - სააკაშვილმა და ბატონმა ივანიშვილმა - უნდა შეწყვიტოს ჩარევა“.

ანდრიუს კუბილიუსი, ლიეტუვა

„სამწუხაროდ, ერთი წლის შემდეგ საქართველო კიდევ უფრო უარეს მდგომარებაშია, ვიდრე [2020 წლის 8 მარტამდე]... არ ვაპირებ მონაწილეობას პოპულარულ ქართულ პოლიტიკურ თამაშში - ერთმანეთისთვის გადაბრალებაში. უბრალოდ, მოვუწოდებ ორივე მხარეს, დაიწყონ ნამდვილი ევროპელებივით მოქცევა, ვინც ესწრაფვის დემოკრატიული ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში გაწევრიანებას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG