Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სტრატეგია აღმაშენებელი" აპირებს "ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობის" ავანგარდში ჩადგომას


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ხელისუფლებას ადანაშაულებს ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე, ფაქტობრივად, უარის თქმაში. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა ამ პოლიტიკური კოალიციის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება მარტის ბოლომდე არ შედგება, დაიწყება „ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობა“, რომელიც მოიცავს: „საპროტესტო აქციებს, მთელი საქართველოს მასშტაბით ხალხის გამოღვიძების პროცესს, ქუჩაშიც, ოფისებშიც სხვადასხვა აქტივობებს, საერთაშორისო ასპარეზზე აქტივობას, ბევრ არასტანდარტულ ქმედებებს, რომელიც აქამდე საჯაროდ არ გვითქვამს“.

გიორგი ვაშაძის შეფასებით, ევროპარლამენტში 9 მარტს გამართული დებატების დროს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რომ ყველა მხარს უჭერს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და „ძირითადად გამოიკვეთა, რომ ევროპელი კოლეგებიც სწორედ რიგგარეშე არჩევნებს მიიჩნევენ კრიზისიდან გამოსავლის მთავარ გზად“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ახლა ყველაფერი დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“, რომელიც ოპოზიციასთან მოლაპარაკებას მიზანმიმართულად წელავს: „რომ ხვალ-ზეგ გვითხრას, რაღაც რეფორმები ვერ ესწრება, რაღაცა ახალ სიტუაციას ელოდება, რაღაცა უნდა, რომ კიდევ მოიმოქმედოს, რომ როგორმე შეთანხმებამდე არ მივიდეს ეს პროცესი“.

როგორც ვაშაძემ თქვა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით „ქართულ ოცნებას“ აფრთხილებს, რომ თუ მოლაპარაკებას ჩაშლიან, „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელსაც „ხშირად ჰქონდა უფრო კომპრომისული პოზიციები“, იქნება „ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობის ავანგარდში“.

1 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით და მისი მონაწილეობით, თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებით და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებით გამოწვეული კრიზისის განმუხტვისთვის ორივე მხარის მიერ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და დიალოგის გაგრძელება. როდის გაგრძელდება მოლაპარაკება, ჯერჯერობით უცნობია.

ოპოზიციის მოთხოვნებია ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება თავად მელიას და ოპოზიციის ხელშია და ეს გზა გირაოს გადახდაა, ვადამდელ არჩევნებს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ პარლამენტის საგამოძიებო კომისია დაადგენს არჩევნების შედეგებში თუნდაც 1%-იან ცდომილებას.

8 მარტს ცნობილი გახდა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში მედიაციის პროცესში პირად წარმომადგენლად შეარჩია ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი, რომელიც საქართველოს უახლოეს ხანში ეწვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG