Accessibility links

site logo site logo

ქართული კერძო სადაზღვევო კომპანია მარტის ბოლოდან COVID-ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს


კერძო სადაზღვევო კომპანია GPI ჰოლდინგი, საქართველოში, მარტის ბოლოდან COVID-ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა კომპანიის კომუნიკაციების დირექტორმა თინათინ სტამბოლიშვილმა.

საინფორმაციო წერილი მარტის ბოლოდან ვაქცინაციის დაწყების შესახებ, სადაზღვევო კომპანიის კორპორაციულ კლიენტებს ელექტრონულ ფოსტაზე 11 მარტს მიუვიდათ.

წერილის თანახმად, სადაზღვევო კომპანია მათთან დაზღვეულ ორგანიზაციებს სთხოვს, მოიძიონ ინფორმაცია ორგანიზაციებში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ, რათა GPI ჰოლდინგმა იმპორტიორ კომპანიასთან საბოლოო შეკვეთა გააფორმოს:

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გაგვიჩნდა შესაძლებლობა მარტის ბოლოს ჩვენს დაზღვეულებს შევთავაზოთ კოვიდ-ვაქცინაცია. საუბარია „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებულ ვაქცინაზე, რომელსაც გავლილი აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპისა და აშშ-ს მარეგულირებელი ორგანოების პრეკვალიფიკაცია, არის უსაფრთხო და რაც მთავარია, მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. ამ ეტაპზე გვსურს დავადგინოთ, თუ რა რაოდენობის ვაქცინაზეა მოთხოვნა თქვენს ორგანიზაციაში. ეს დაგვჭირდება, რომ გავაფორმოთ შეკვეთა. ვაქცინაციას განახორციელებს ჩვენი საბაზისო კლინიკა „კურაციო“.

კორპორაციული კლიენტებისათვის გაგზავნილ წერილში მითითებულია ვაქცინაციის ღირებულებაც. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას კომპანიის კომუნიკაციების დირექტორი თინათინ სტამბოლიშვილი ეუბნება, ვაქცინაციის ზუსტი ღირებულება, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის, და ეს ინფორმაცია არ არის საჯარო.

მისივე თქმით, GPI ჰოლდინგი ვაქცინის შემოტანას ერთ-ერთი ქართული იმპორტიორი კომპანიის მეშვეობით გეგმავს. როგორც თინათინ სტამბოლიშვილი ამბობს, ვაქცინაციის შემოტანის საკითხი 90%-ით გადაწყვეტილია. ამ ეტაპზე, კომპანია მხოლოდ კორპორაციულ კლიენტებს სთავაზობს ვაქცინაციას, თუმცა, იგეგმება ვაქცინის შეთავაზება ინდივიდუალური პაკეტით დაზღვეული პირებისთვისაც:

„ერთ-ერთი იმპორტიორისგან უკვე გვაქვს დასტური, რომ ორ-სამ კვირაში შემოიტანს ვაქცინას. პირველ რიგში, ჩვენ ვაქცინას შევიძენთ ჩვენი თანამშრომლებისთვის. რაც შეეხება დაზღვეულ ორგანიზაციებს, ჯამში, კორპორატიული დაზღვევით 150 ათასამდე პირი სარგებლობს. ჩვენ უკვე ჩავატარეთ მოკვლევა, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და ვაქცინა მათთვისაც გახდება ხელმისაწვდომი. ოდნავ მოგვიანებით ვაქცინას შევთავაზებთ ჩვენს ინდივიდუალურ კლიენტებსაც, რომელთა რაოდენობაც 20-25 ათასია".

თინათინ სტამბოლიშვილი არ აკონკრეტებს იმ იმპორტიორი კომპანიის სახელს, რომელიც ვაქცინის შემოტანას გეგმავს. მისი თქმით, განცხადებას ეს კომპანია უახლოეს მომავალში თავად გააკეთებს:

„ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ერთ იმპორტიორ კომპანიასთან. როდესაც „ასტრაზენეკასგან“ იქნება საბოლოო დასტური, კომპანია განცხადებას ვაქცინის შემოტანის შესახებ თავად გააკეთებს“.

თინათინ სტამბოლიშვილის თქმით, ამ ეტაპზე, ლაპარაკია მხოლოდ ერთი მწარმოებლის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემოტანაზე.

როგორც სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ვაქცინაცია ჩატარდება მათ საბაზისო კლინიკა „კურაციოში“, სადაც უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები:

„კლინიკა ახლა უკვე გადის ვაქცინაციის გაიდლაინებს. საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია. სპეციალურად აღიჭურვება კაბინეტი. უნდა მოეწყოს მოსაცდელი, სადაც ვაქცინირებულ პირებს დააკვირდებიან რამდენიმე წუთის განმავლობაში. გარდა ამისა, ვაქცინაციამდე ექიმმა უნდა შეაფასოს პირი, გამოკითხოს“.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ პირველი 43 200 დოზა ვაქცინა 13 მარტს უნდა შემოვიდეს. ამ დოზებით სამედიცინო პერსონალი უნდა აიცრას.

რაც შეეხება კერძო სექტორის მიერ ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობას, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ამ პროცესს უწყება დადებითად უყურებს, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ შესაძლოა სამომავლოდ, ამ გზით შემოსულმა ვაქცინამ კითხვები გააჩინოს.

Oxford/Astra Zeneca (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი) ვექტორული ტიპის ვაქცინაა. უვნებელი ვირუსი, რომელზეც COVID-19-ის გენეტიკური მასალაა მიმაგრებული, ასწავლის სხეულს, როგორ შექმნას ვირუსის ნაწილი, რაც იმუნურ რეაქციას იწვევს და ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლას სწავლობს.

„ასტრაზენეკა“, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 16 თებერვალს დაამტკიცა. საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, ვაქცინა შეესაბამება უსაფრთხოების აუცილებელ კრიტერიუმებს, მისი ეფექტიანობა რისკებზე მაღალია და ამ ვაქცინით შესაძლებელია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების აცრა. „ასტრაზენეკას“ ეფექტიანობა 63%-დან 82,4%-მდე მერყეობს. მის შენახვას განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება (მის შესანახად საჭიროა -2 -7 გრადუსიანი მაცივრები) და ამიტომ, ხელსაყრელია დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG