Accessibility links

site logo site logo

შს სამინისტრო ტელეკომპანია ფორმულას უჩივის


შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა „შაბათის ფორმულაში" გასული სიუჟეტების გამო სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ ნათქვამია სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გაავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანიის ეთერში 23 იანვარს, 30 იანვარს და 13 მარტს გავიდა სიუჟეტები, რომლებიც, ტელეკომპანიის თქმით, პოლიციას ე.წ. კომენდანტის საათის დროს სექსმუშაკების მფარველობაში ამხელს.

შსს-ს განცხადებით, 13 მარტს ტელეარხის ეთერში გასული სიუჟეტი “ცრუ ინფორმაციაა”.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში კიდევ ერთხელ გასულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს პოლიციის თანამშრომლები პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი ავტომანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან.

აღნიშნული ტელეკომპანია, არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, კვლავ აგრძელებს მაყურებლის შეცდომაში შეყვანას და ამ გზით საზოგადოებაში პოლიციის მიმართ ნდობის შესუსტებას. ტელეკომპანიის და კონკრეტულად სიუჟეტის ავტორის მიერ კვლავ განმეორდა სიცრუის გავრცელება მტკიცებით ფორმაში, თითქოს პოლიციელები კანონს არღვევენ და პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს მფარველობენ.

13 მარტის სიუჟეტში მათ კვლავ გაიმეორეს კადრები, სადაც აპელირებენ თეთრი ფერის, "შკოდას" მარკის ავტომობილის გადაადგილებაზე, თუმცა ვერც წინა შემთხვევებში და ვერც დღეს ტელეკომპანიამ მაყურებელს პოლიციელების მხრიდან კანონდარღვევის ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარუდგინა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიუჟეტში მათ მიერ დასახელებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გადაცემაში ნახსენებ კონკრეტულ დროს არ იმყოფებოდა მათ მიერ დასახელებულ ადგილას და არ გადაადგილდებოდა კადრებში ნაჩვენები სახელმწიფო ნომრიანი ავტომობილით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დატოვებს რეაგირების გარეშე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ არაერთხელ მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, უახლოეს დღეებში მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას და საკუთარი თანამშრომლების ღირსებას სასამართლოში დაიცავს“, - ნაქვამია შს სამინისტროს მიერ გავვრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG