Accessibility links

site logo site logo

ვარლამ გოლეთიანი: „შემდეგი აქცია პარლამენტთან!“


ქუთაისში, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, გაითვალისწინოს ათასობით, ათიათასობით ადამიანის პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, გოლეთიანის თქმით, „რეგიონებში შეიქმნება საინიტიაციტო ჯგუფები, რომლებიც დაიძრებიან თბილისისკენ“.
„შემდეგი აქცია ჩატარდება პარლამენტთან, თუკი ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა, - გვინდა, ჩამოვყალიბდეთ ისეთ სამოქალაქო საზოგადოებად, რომელსაც ექნება უფლება, მოითხოვოს რეფერენდუმი, რომ მსგავსი საკითხები გადაწყდეს სწორედ რეფერენდუმით”.


ვარლამ გოლეთიანი არწმუნებს ხელისუფლებას, რომ სურათი, რომელსაც მიიღებს პროტესტის თბილისში გადატანით, არ იქნება ისეთი, როგორიც არის ადგილზე.


„ჩვენ ვიქნებით გაცილებით უფრო მეტნი, ვიდრე დღეს ვართ. ჩვენ შევაჯანჯღარებთ ხელისუფლებას, რომელიც თვლის, რომ ერთპიროვნულად უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიური გადაწყვეტილების საგანი შეიძლება იყოს. არ შეიძლება ცალკეულმა ხელისუფალმა გადააწყვეტინოს ისეთი რამ, რასაც ამდენი ადამიანი ეწინააღმდეგება. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოეგოს გონს. ჩვენ არ გვინდა, რომ გადავზარდოთ ეს ყველაფერი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნებში და წავიდეთ რევოლუციური სცენარებით. თუმცა, ყველა ვხედავთ, რომ ეს აბსოლუტურად შესაძლებელია. ვხედავთ, რამდენი ადამიანი დგას ამ მოედანზე და კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოემატება ჩვენს ერთობას”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა, რომლის თქმითაც, აქციის მონაწილეთა ნაწილი დარჩება ქუთაისში მთელი ღამის განმავლობაში:

„რადგან კომპანიას განზრახული აქვს სამუშაო პროცესის განახლება, კიდევ ერთხელ ვეუბნები მათ, ვერ შეძლებენ ისინი პროცესის განახლებას. ამას ჩვენ, ქართველი ხალხი უზრუნველვყოფთ მშვიდობიანი გზით”.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG