Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათელაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარე შეხვედრა


ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარე შეხვედრა „ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„ლეიბორისტული პარტია ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი და სადაც პირველ საკითხად არ წყდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება; სადაც უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის ჩვენს გვერდზე, მაგიდასთან“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, დაუბრუნდება მოლაპარაკებების რაუნდებსა და კონსულტაციებს, როგორც კი ეს ორი საკითხი იქნება გარკვეული და გადაწყვეტილი.

პოლიტიკოსის თქმით, პირველ საკითხებად შემოთავაზებულია საარჩევნო და სასამართლო რეფორმის პრობლემატიკა, რომელიც, მისი თქმით, უნდა იყოს ახალი არჩევნების თარიღის შემდგომი საკითხი. როგორც ნათელაშვილი განმარტავს, ეს არის ხელისუფლების მხრიდან დოკუმენტირებული შემოთავაზება.

შალვა ნათელაშვილი მადლობას უხდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და მის წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს, აგრეთვე, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს, რომლებმაც, მისი შეფასებით, გასწიეს მნიშვნელოვანი სამუშაო ბოლო თვეების განმავლობაში. „სამწუხაროდ, ხელისუფლება, რომელიც იმართება კრემლიდან, რა თქმა უნდა, არ იჩენს ნებას კონსტრუქციულობისა და ახალი არჩევნების ჩატარების“, - აღნიშნა ნათელაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე განსხვავებულად აფასებს საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის განცხადებას. „აქვე აღვნიშნავ და შეხვედრაზეც ვთქვი, რომ ჩემთვის მიუღებელია ბორელის განცხადება ბრიუსელში იმის თაობაზე, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. ეს განცხადება ძალიან ჰგავს ნარიშკინის განცხადებას“, - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით, მიმდინარეობს „ქართული ოცნების" და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG