Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხელი ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა


ახალციხის კლინიკა "იმედის" ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს შუადღისთვის გული მეორედ გაუჩერდა.

საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 12:00 საათზე დადასტურდა ბიოლოგიური სიკვდილი.

დილით, კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა მედიას აცნობა, რომ მოხერხდა პაციენტის გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა, თუმცა, გულის ხელახლა გაჩერება ნებისმიერ დროს იყო მოსალოდნელი.

18 მარტს, ახალგაზრდა ექთანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში განუვითარდა, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიური შოკი. ის ახალციხიდან თბილისში გადაიყვანეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიზეზშედეგობრივი კავშირის დასადგენად, რეგულირების სააგენტომ ფაქტის შესწავლა დაიწყო.

ახალციხის შემთხვევის გამო განიხილებოდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შეჩერების შესაძლებლობა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მარეგულირებელმა, "ევროპის წამლის სააგენტომ" დაადასტურა, რომ "ასტრაზენეკას" ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, თბილისში, იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტის სხდომაზე მიიღეს ვაქცინაციის გაგრძელების გადაწყვეტილება.

საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო "ასტრაზენეკას" ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა აცრა. ოთხი დღის განმავლობაში აცრილთა რიცხვი 3060-ზე ოდნავ მეტი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG