Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელიას ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულს სასამართლომ შეუფარდა პატიმრობა 


თბილისში, კახეთის გზატკეცილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე გაკრული ნიკა მელიას ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ დიმიტრი კასრელიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატმა ნიკა სადრაძემ „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ ბრალდებული ჩადენილს აღიარებს.

„ყველაფერს აღიარებს, თანამშრომლობს, მაგრამ მოგეხსენებათ, როცა საზოგადოებრივი ინტერესია, რაოდენ რთულია გირაოზე საუბარი და მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად შეეფარდა პატიმრობა. მისი პოზიციაა, რომ არანაირი პოლიტიკური მოტივაცია თუ პოლიტიკური მიზანი არ ჰქონია ამ ქმედებების განხორციელებისას“, - თქვა ადვოკატმა.

გამოძიების ცნობით, მიმდინარე წლის 17 მარტს, კასრელიშვილმა კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებულ ბანერს, ავტომობილიდან, პნევმატური იარაღიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა... შსს-ს ცნობით, პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - პნევმატური პისტოლეტი, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ამ მუხლებით ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG