Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატალია საბანაძის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალი საბანაძის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მას მადლობას უხდის. საბანაძემ გადადგომის შესახებ განცხადება "ფეისბუკით" გაავრცელა და მიზეზებზე არ ისაუბრა.

"უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მიმდინარე წლის 16 მარტს გაიმართა", - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ეს შეხვედრა ქვეყნისთვის წარმატებული იყო.

უკავშირდება თუ არა მისი გადაწყვეტილება ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს - რადიო თავისუფლებას მან უთხრა, რომ ამ ეტაპზე მეტ კომენტარს არ აკეთებს.

ბრიუსელში 16 მარტს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ევროკავშირის მხრიდან აღნიშნეს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მნიშვნელობაც - თუმცა კრიზისის თემა არა ასოცირების საბჭოს სხდომაზე, არამედ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრებისას იყო წამყვანი.

რამდენიმე თვეში 8 წელი უნდა შესრულებულიყო, რაც საბანაძე ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელად მუშაობს. ის ამ თანამდებობაზე 2013 წლის მაისში დაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG