Accessibility links

site logo site logo

ლანდსბერგისი: საქართველოში მიმდინარე მოვლენები ევროკავშირში ძლიერ შეშფოთებას იწვევს


ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, თუკი საქართველო გადაუხვევს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გზას, ეს იქნება გადახვევა ევროკავშირისა და ნატოს გზიდან, რაც სახიფათოა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ყველა ქვეყნისთვის. ეს განცხადება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ.

„დღის წესრიგშია საქართველოს საკითხი და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი. საქართველოში მიმდინარე მოვლენები ძლიერ შეშფოთებას იწვევს საქართველოს პარტნიორებისთვის ევროკავშირში. ევროკავშირს აქვს ძალიან ნათელი მესიჯი, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ გადის მხოლოდ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე. თუკი საქართველო გადაუხვევს ამ გზიდან, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ტრანსატლანტიკურ გზას არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

22 მარტს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელშიც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ. წინასწარი ინფორმაციით, მინისტრები მოისმენენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეპ ბორელის მოხსენებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ევროკავშირში ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა მას შემდეგ, რაც 18 მარტს, გვიან ღამით საქართველოში წარუმატებლად დასრულდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით დაწყებული პოლიტიკური დიალოგის პროცესი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG