Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი გახარიას შესახებ: არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას პოლიტიკაში გააქტიურების შესახებ ეხმაურება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.

„რაკი ჩემს აზრს მეკითხებით, გეტყვით, რომ იმედი მქონდა, რომ ის ამას არ გააკეთებდა, იმიტომ, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, მე მისი ვიცე-პრემიერი ვიყავი და ძალიან გამიკვირდა მისი წასვლა და ახლა კიდევ უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა. არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა რა იყო, მაგრამ გამიკვირდა. ვინაიდან მე მგონია, რომ სჯობდა, არ წასულიყო... რაკი ეს მოხდა, ეს შემობრუნდა, კითხვის ნიშნებს ბადებს. ის თუ შემობრუნდა და, როგორც ჩანს, მას ეს გადაწყვეტილი აქვს, ის იქნება ჩვენი ოპოზიცია და, შესაბამისად, ჩვენ მოგვიწევს ოპონირება. ერთი მხრივ, ეს საინტერესო იქნება. მე ვერ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეს საზიანო იქნება“, - განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედთან" ინტერვიუში და მან დაამატა: - „ჩვენთვის საზიანო იყო მისი წასვლა და მისი მოსვლა ჩვენთვის საზიანო არ მგონია, თუმცა გუნდში, ყველა, მე ვინც ვნახე (პარლამენტში გახლდით, გადაბარების პროცესში), ყველა გაკვირვებული იყო მაინც, მისი ამ განცხადებით, მე მათ შორის პირველი, და ჩვენთვის ეს საზიანო ვერ იქნება. მაგრამ მისთვის პიროვნულად ეს რამდენად კარგია, მე ისევ ჩემს აზრზე ვრჩები, რომ ეს დაბრუნება... იმიტომ, რომ იქნება კითხვები, რომლებსაც პასუხები უნდა გაეცეს და ეს მისთვის რამდენად კომფორტული კითხვები იქნება, არ ვარ დარწმუნებული, თუმცა წარმატებას ვუსურვებ“.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ეს არის მისი პირველი კომენტარი, რომელიც პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ ჟურნალისტებს მისცა.

„უამრავი ჭორი დადიოდა. არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, პოლიტიკიდანაც წასვლას არ ვაპირებ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის, დღეს რისი თქმაც მინდოდა“, - განაცხადა გახარიამ.

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია. მან მიზეზად დაასახელა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო.

მან გადადგომის შემდეგ "ქართული ოცნებაც" დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG